
საქართველომ და WB-მა რკინიგზის და გზებისთვის $751 მლნ-ის პროექტიდან $372 მლნ-ის სესხს მოაწერეს ხელი
საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას, რომელიც საქართველოს რკინიგზისთვის და საავტომობილო გზების განვითარებისთვის 372 მილიონი დოლარის საკრედიტო დაფინანსებას ითვალისწინებს. ეს წარმოადგენს 751-მილიონიანი პროექტის ნაწილს, რომელზეც საქართველო მსოფლიო ბანკის გარდა აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მუშაობს 175 მილიონი დოლარის კრედიტის დამტკიცებაზე და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) 182 მილიონი დოლარის კრედიტის დამტკიცებაზე. მთავრობის მოლოდინით, ამ საფინანსო ორგანიზაციებთანაც მოხდება პროექტის დაფინანსებაზე საბოლოო თანხმობის გაცემა და კრედიტის დამტკიცება.
მსოფლიო ბანკის მიერ 372-მილიონიანი კრედიტის გამოყოფის შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა. ასევე ხელმოწერის ცერემონიას ქართული მხრიდან დაესწრნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმია.
პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის 45 ერთეული ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, ასევე, საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე, საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.
პროექტს განახორციელებენ სს „საქართველოს რკინიგზა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.