
საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი მეტალურგიული საწარმოს - "ჯეოსთილის" შემოსავალი ₾322 მილიონამდე გაიზარდა
საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა მეტალურგიულმა საწარმომ, „ჯეოსთილმა“, 2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 322.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით დაახლოებით 58 მილიონი ლარით, ანუ 22%-ით მეტია.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის საოპერაციო საქმიანობის შედეგებიც გაუმჯობესდა. „ჯეოსთილის“ საოპერაციო მოგებამ 60.9 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 36.4 მილიონი ლარი იყო.
ანგარიშგების თანახმად, 2025 წელს კომპანიის წლიურმა მოგებამ 43.4 მილიონი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელია 2024 წელთან შედარებით, როდესაც კომპანიამ 44.1 მილიონი ლარის მოგება მიიღო.
დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს „ჯეოსთილის“ გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება 247.5 მილიონი ლარი იყო. გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯებმა 3.4 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო საერთო და ადმინისტრაციულმა ხარჯებმა – 11.4 მილიონი ლარი.
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის აქტივები 2025 წლის ბოლოსთვის 215.6 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის 267 მილიონ ლართან შედარებით ნაკლებია. ამავე პერიოდში „ჯეოსთილის“ ვალდებულებები 155.1 მილიონი ლარი იყო, ხოლო საკუთარი კაპიტალი – 60.5 მილიონი ლარი.
კომპანიამ 2025 წელს აქციონერებზე 96.6 მილიონი ლარის დივიდენდიც გაანაწილა. შედარებისთვის, 2024 წელს დივიდენდების მოცულობა 50 მილიონი ლარი იყო.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, „ჯეოსთილის“ ძირითადი საქმიანობა სამშენებლო არმატურის წარმოებაა.
2025 წლის ბოლოსთვის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი იყო ინდური ჯგუფი Georgian Steel Group Holdings Limited (GSGHL). მანამდე, 2024 წლის ბოლოს, GSGHL „ჯეოსთილის“ 90%-ს ფლობდა, ხოლო დარჩენილი 10% კომპანია JSW Steel B.V.-ს ეკუთვნოდა.
BM.GE
წყარო: bm.ge