!["[საქართველოს ფოსტაში] შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო"|ირაკლი კობახიძე](/_next/image?url=https%3A%2F%2Fbm.ge%2Fuploads%2Ffiles%2F2026%2F10%2F07%2F324936%2Firakli-kobakhidze_w_h.jpeg&w=3840&q=75)
"[საქართველოს ფოსტაში] შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო"|ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეჭვობს, რომ "საქართველოს ფოსტის" სტრუქტურაში "შუამავალი სერვისები “კორუფციის კარგი საშუალება იყო“ და ამ საკითხის შესწავლა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, დაიწყო თუ არა - გამოძიება.
სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაზრდაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ „საქართველოს ფოსტაში“ გატარებული ცვლილებების შედეგად კომპანია მიმდინარე წელს პირველად მიიღებს მოგებას.
მისი თქმით, ფოსტიდან შუამავალ კომპანიებში გატანილი რიგი სერვისები კომპანიაში დაბრუნდა, რაც მთავრობის შეფასებით, „საქართველოს ფოსტას“ ყოველწლიურად დამატებით 14.2 მლნ ლარის შემოსავალს მოუტანს.
ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, კომპანიამ შტატების ოპტიმიზაციის შედეგად 2.5 მლნ ლარი დაზოგა, ხოლო წაგებიანი სერვისცენტრების ოპტიმიზაციით კიდევ 1.1 მლნ ლარის ეკონომია მიიღო.
პრემიერის თქმით, ფოსტაში ასევე აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია, რაც კომპანიისთვის დამატებით 1.3 მლნ ლარის შემოსავალს შექმნის. საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის „თურქეთის ავიახაზებთან“, გაფორმებული ხელშეკრულებებისა და სხვა ავიაკომპანიებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად კი, მისი შეფასებით, შემოსავლები კიდევ 4.4 მლნ ლარით გაიზრდება.
„შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს სერვისები დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში“ და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14.2 მლნ ლარის შემოსავალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
"შუამავალ კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ. შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი სერვისები. ეს სერვისები დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში“ და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი. ასევე, აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია. ფოსტა დამატებით ამის შედეგად მიიღებს 1 მლნ 300 ათასი ლარის შემოსავალს. ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გაფორმდა საერთაშორისო კომპანიებთან. მათ შორის, „თურქეთის ავიახაზებთან“, ხუთ ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამის შედეგად, 4,4 მლნ ლარით გაიზრდება „საქართველოს ფოსტის“ შემოსავლები. ეს წელი იქნება პირველი წელი, როდესაც, „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და მომდევნო წლები იქნება კიდევ უფრო მეტად მომგებიანი, როდესაც ყველა ეს პროცესი დასრულდება. შარშან „საქართველოს ფოსტამ“ წელი დაასრულა 7 მლნ ლარის ზარალით. წელს გვექნება მოგება და ასე გაგრძელდება პროცესები მომდევნო წლების განმავლობაშიც“, - განაცხადა პრემიერმა.
„საქართველოს ფოსტის“ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2025 წელი 8.6 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, მაშინ როდესაც 2024 წელს 864 ათასი ლარის მოგება ჰქონდა. 2025 წელს კომპანიის ამონაგებმა 82.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 3.5%-ით ნაკლებია. შემოსავლების შემცირების ძირითადი მიზეზი საფოსტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის 55.8 მლნ-დან 52.3 მლნ ლარამდე კლება იყო. ამავე პერიოდში გადაზიდვებისა და საამანათო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 29.3 მლნ-დან 29.7 მლნ ლარამდე გაიზარდა.
2025 წელს კომპანიის პერსონალზე გაწეული ხარჯი 39.7 მლნ ლარს შეადგენდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 4 მლნ ლარით მეტია. წლის ბოლოს „საქართველოს ფოსტის“ აქტივების მოცულობა 92.7 მლნ ლარი, საკუთარი კაპიტალი 71.2 მლნ ლარი, ხოლო ვალდებულებები 21.4 მლნ ლარი იყო. დაგროვილმა ზარალმა 20.6 მლნ ლარს მიაღწია. პრემიერის განცხადებით, მიმდინარე წლის შედეგი ამ მაჩვენებლების ფონზე პირველად უნდა გადავიდეს მოგების ზონაში.
BM.GE
წყარო: bm.ge