
„საქართველოს გზების ოპერატორი“ - მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა. ირაკლი კობახიძის 1586-ე განკარგულების მიხედვით, შპს „საქართველოს გზების ოპერატორის“ 100%-იანი წილი სახელმწიფოსგან მართვის უფლებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა.
BM.GE-ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღნიშნული კომპანიის გადაცემის შესახებ დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფს გზების მოვლას.
კომპანია უწყებას პირდაპირი გადაცემის ფორმით, უსასყიდლოდ, არსებობის ვადით გადაეცა. ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებები უნდა გაატაროს.
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, აღნიშნული საინდენტიფიკაციო კოდით სახელმწიფო კომპანია 2012 წელს დაფუძნდა და ის შპს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი იყო, რომლის 100%-იანი წილი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ეკუთვნოდა. წილის ცვლილება 2026 წლის 21 ივლისს მოხდა და მისი მესაკუთრე სრულად სახელმწიფო გახდა. შპს-ს სახელი კი 22 ივლისს შეიცვალა და მას „საქართველოს გზების ოპერატორი" ეწოდა. მისი დირექტორი კი ალექსანდრე ზაბახიძე იქნება.
ცნობისთვის, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნების შესახებ მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ახალი კომპანიის დასაფუძნებლად დაახლოებით 63 მილიონი ლარის საწყისი კაპიტალური ინვესტიციაა გათვალისწინებული. თანხა მოხმარდება ტექნიკური ბაზის ფორმირებას, სპეციალიზებული ტექნიკის შეძენას, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების დანერგვას. ჯერჯერობით, 2026 წლის ბიუჯეტში ეს თანხა გათვალისწინებული არაა. სახელმწიფო კომპანია პირველ ეტაპზე გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მოვლა-შენახვის და მართვის სამუშაოებს განახორციელებს.
BM.GE
წყარო: bm.ge