
საქართველოს ჰყავს 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური - ორჯერ მეტი, ვიდრე 10 წლის წინ | ივანე აბაშიძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ივანე აბაშიძის განცხადებით, დღეს საქართველოს ჰყავს 21,000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური - ორჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ. ამის შესახებ მან თურქეთის საზღვაო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ივანე აბაშიძის თქმით, მეზღვაურებში ინვესტირება ნიშნავს ინვესტირებას თავად საზღვაო სექტორის მომავალ კონკურენტუნარიანობაში.
“საქართველოში მეზღვაურთა რაოდენობა ზრდადია - დღეს საქართველოს ჰყავს თითქმის 21 000 სერტიფიცირებული მეზღვაური - ორჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ.“ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, საერთაშორისო ფლოტზე მსახურობენ და წარმოადგენენ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს - მაღალკვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალს,” - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.
მან გამოსვლისას ტვირთნაკადზე და საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მონაწილის როლზეც ისაუბრა.
“ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო, შუა დერეფნის ფარგლებში, სულ უფრო მნიშვნელოვან საზღვაო კარიბჭედ ყალიბდება. მზარდმა სატვირთო ნაკადებმა ახალი მოთხოვნები შექმნა ჩვენი ნავსადგურების, მარეგულირებელი სისტემისა და საზღვაო სერვისების მიმართ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა დაახლოებით 46 პროცენტით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის, როგორც საიმედო სატრანსპორტო დერეფნის მზარდ მნიშვნელობას,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ თურქეთის საზღვაო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
ივანე აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც საზღვაო სექტორში.
“ვერცერთი ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაცია თანამედროვე გამოწვევებს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება, იქნება ეს სანქციების აღსრულება, გემების თაღლითური რეგისტრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, გარემოს დაცვა თუ ავტონომიური ხომალდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები - ყველა ეს მიმართულება მოითხოვს კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას. სწორედ ამიტომ საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საქმიანობაში. შედარებით მცირე საზღვაო სახელმწიფოებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ გლობალური საზღვაო მმართველობის განვითარებაში,” - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.
BM.GE
წყარო: bm.ge