
საქართველოს, როგორც ავტოჰაბის ფუნქცია დაკარგვის რისკის წინაშეა - ალექსი ნონიაძე
საქართველოს, როგორც ავტოჰაბის ფუნქცია დაკარგვის რისკის წინაშეა - ამის შესახებ BMG-სთან „ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე აცხადებს.
მისი თქმით, საქართველოში ავტოიმპორტის სექტორი და რეექსპორტის ბაზარი უმძიმეს გამოწვევებს აწყდება. საკანონმდებლო ცვლილებებმა, განბაჟების ტარიფების ზრდამ, გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა და გლობალურმა კონკურენციამ ქართველი დილერებისა და ავტოიმპორტიორი კომპანიების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა.
როგორც ალექსი ნონიაძე აცხადებს, თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდა, საქართველოს მიერ წლების განმავლობაში მოპოვებული რეგიონული „ავტოჰაბის“ ფუნქცია შესაძლოა, საბოლოოდ განადგურდეს. ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სექტორში მომუშავე კომპანიების ნახევარზე მეტი მხოლოდ ნახევარი ძალებით თუ ახერხებს ფუნქციონირებას, ხოლო, დილერების 60–70%-მა ბაზარი საერთოდ დატოვა. კრიზისს ამძიმებს ამერიკის აუქციონებზე ავტომობილების გაძვირება, ლოგისტიკური პრობლემები და წითელ ზღვაში არსებული ვითარება, რამაც საკონტეინერო გადაზიდვების დეფიციტი შექმნა.
„ჩვენი პროგნოზი, სამწუხაროდ, გამართლდა. რეგულაციებმა იმოქმედა რეექსპორტზეც. იყო საუბარი იმაზე, რომ, ბაზარი მოერგებოდა, გადაერთვებოდა, დივერსიფიცირება მოხდებოდა, მაგრამ როგორც ვაკვირდებით, ვერც იმპორტის და ვერც ექსპორტის ბაზრების დივერსიფიკაცია ვერ მოხერხდა.
თუ ასე გაგრძელდა, ვფიქრობთ, რომ ავტოჰაბი მოკვდება. სახელმწიფომ დახმარების სახით არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია. თუ ერთობლივი ძალებით არ მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები და რისკები არ დავაზღვიეთ, ფაქტობრივად, გაქრობის რისკის წინაშე ნამდვილად ვდგავართ“ - აცხადებს ალექსი ნონიაძე BMG-სთან.
მისივე თქმით, ქართულ ავტოჰაბს, რომელსაც ძირითადად ამერიკული და ევროპული მეორადი ავტომობილები გაჰყავდა, კონკურენციის გაწევა ჩინურ ავტომობილებთანაც გაუჭირდა.
„გვქონდა მცდელობა, რომ ჩინეთიდან შემოგვეყვანა ავტომობილები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაგვეყიდა. რადგან ვხედავთ, რომ საკმაო კონკურენციას უწევს დღეს ჩინური ავტომობილები მსოფლიოში სხვა ბრენდებს და ჩვენ შეგვენარჩუნებინა ავტოჰაბის ფუნქცია. მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი საქართველოს აღიქვამენ როგორც შიდა ბაზარს - არ განიხილება, ჩვენი, როგორც რეექსპორტის თუ ტრანზიტული პუნქტის ფუნქცია, რადგან თავადვე შეუძლიათ გაყიდვა. იმაზე მეტი ავტომობილებია ჩინეთში წარმოებული, ვიდრე ამას ბაზარი მოითხოვს, ამიტომ ნებისმიერ მყიდველს ხელგაშლილი ხვდებიან. ამას არც განსაკუთრებული ლიცენზია სჭირდება“, - აცხადებს ალექსი ნონიაძე.
საქსტატის მონაცემებით, წელს, იანვარი-აგვისტოში, ავტომობილების იმპორტი საქართველოში 12.5%-ით შემცირდა და 1 მლრდ 347 მლნ დოლარი შეადგინა. ავტომობილები უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში კვლავ პირველ ადგილზეა, თუმცა, რეექსპორტი 22%-ითაა შემცირებული და 1 მლრდ 347 მლნ დოლარს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge