
საქართველოს საგარეო ვალი $9.2 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?
ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 9.2 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც წლიურად 183 მილიონ დოლარზე მეტად არის გაზრდილი.
ვალის ზრდაზე გავლენა მოახდინა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაფორმებულმა ახალმა საკრედიტო შეთანხმებებმა, რომლებიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობასთან არის დაკავშირებული. მათ შორისაა 360-მილიონიანი საკრედიტო შეთანხმება, რაც ფინანსთა სამინისტრომ აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ბათუმი-სარფის მაგისტრალის და გვირაბის მშენებლობისთვის გააფორმა.
საქართველოს საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წინაშე აღებულ სესხებს უკავშირდება. მთლიანი პორტფელით პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობით. მეორე პოზიციას 2.3 მილიარდი დოლარით მსოფლიო ბანკი იკავებს. რაც შეეხება ქვეყნებს, მათ შორის პირველ ადგილზეა საფრანგეთი (AFD), რომლის მიმართაც საქართველოს 858 მილიონი დოლარის ვალი აქვს.
2026 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი კრედიტორების მიხედვით ასე ნაწილდება:
ორგანიზაცია/ქვეყანა ვალის ნაშთი აზიის განვითარების ბანკი (ADB) $2.53 მილიარდი; მსოფლიო ბანკი $2.28 მილიარდი; ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) $1.20 მილიარდი; საფრანგეთი $858 მილიონი; გერმანია $600 მილიონი; ევრობონდი $501 მილიონი; ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ $295 მილიონი; აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) $241 მილიონი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) $222 მილიონი; მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ $157 მილიონი; ევროკავშირი (EU) $154 მილიონი; იაპონია $109 მილიონი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) $37 მილიონი; ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) $16 მილიონი; ავსტრია $9 მილიონი; ქუვეითი $6 მილიონი; სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) $4 მილიონი; ამერიკის შეერთებული შტატები $4 მილიონი.