
საქართველოს საკმაოდ კარგი განაცხადი აქვს გაკეთებული, რომ იყოს აზარტული თამაშების ჰაბი - გიორგი მამულაიშვილი
"დღესდღეობით საქართველო გადადის ჰიბრიდულ მოდელზე, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, სექტორის განვითარებას და დამატებით შემოსავალს მიიღებს სახელმწიფო",- ამის შესახებ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა სექტორში დაგეგმილი ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.
საქმე ისაა, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საქართველოში ახალი კატეგორიის სანებართვო ჩარჩო იქმნება, რომელიც სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორების საქართველოში ლეგალურ შემოსვლას წაახალისებს, თუმცა მათ ვებგვერდებზე საქართველოს მოქალაქეებს წვდომა არ ექნებათ.
გიორგი მამულაიშვილმა ცვლილებების შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა და მოსალოდნელ დადებით ეკონომიკურ ეფექტზე გაამახვილა ყურადღება.
"მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე კომპანია არის დაფუძნებული საქართველოში, თუმცა ადგილობრივი ლიცენზია არა აქვთ და ამას ამართლებენ იმ კუთხით, რომ ჩვენ არ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებზე და ასე შემდეგ. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ის კომპანიები აიღებენ ლიცენზიას, განათავსებენ სერვერებს საქართველოში, დაასაქმებენ კადრებს საქართველოში და, შესაბამისად, ადგილობრივი ბიზნესი, რომელსაც აქვს ადგილობრივი ლიცენზია, გახდება უფრო კონკურენტუნარიანი ასეთი ტიპის ოპერატორებთან. ეს პირიქით, დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივ ოპერატორებზე.
5%-იანი GGR-ის [მოგების] გადასახადი არის, რომ ყოველ მოგებულ ვთქვათ დოლარზე 5 ცენტი მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში. გამომდინარე იქიდან, რომ ბრუნვა დიდია და, შესაბამისად, ეფექტიც დიდია, აქ არის საკმაოდ სერიოზულ თანხებზე საუბარი. ასევე საუბარი არის იმაზე, რომ თანმხლები ბიზნესი, როგორიც არის საგადახდო სისტემები, იგივე IT სფერო, ადგილობრივი კადრების დასაქმება, ეს დადებითად აისახება მომავალში. მოთხოვნა არის, რომ სერვერები უნდა იყოს განთავსებული საქართველოში, თვითონ საგადახდო სისტემები უნდა იყოს ქართული, ანუ ეს ბანკებისთვისაც კარგია, PSP-ებისთვისაც კარგია და, შესაბამისად, ის ფულის ბრუნვა, რაზეც არის საუბარი, მოხდება საქართველოს მეშვეობით. დღესდღეობით საქართველოს საკმაოდ კარგი განაცხადი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ იყოს აზარტული თამაშების ჰაბი ევროპასა და აზიას შორის",- ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.
გიორგი მამულაიშვილმა აღნიშნა, რომ სექტორში კონტროლის მექანიზმები კარგადაა განვითარებული.
"2019 წელს, როდესაც შემოვიღეთ იდენტიფიცირების და ვერიფიკაციის კანონი, ამან გაამკაცრა ყველანაირი მიდგომა აზარტული თამაშების მიმართ და ყველა მომხმარებლის უკან ვინ დგას, სახელმწიფომ იცის. ასევე, როდესაც მოხდა შერჩეული პირის შემოსვლა საქართველოში, რომელთანაც ხდება ინტეგრაცია ნებისმიერი ონლაინ კაზინოსი და პირდაპირ ლაივ რეჟიმში ხდება მონაცემების გადაცემა და მისი დამუშავება, შესაბამისად, აქაც კონტროლი საკმაოდ კარგად არის განვითარებული და ხელისუფლებას საშუალება აქვს გააკონტროლოს ვინ თამაშობს, რამდენს თამაშობს. დღესდღეობით აზარტულ თამაშებში ფულის გათეთრების პრობლემა ნამდვილად არ დგას",- აცხადებს მამულაიშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge