
საქართველოს უმდიდრესმა ბიზნესმენმა, მიხეილ ლომთაძემ ინგლისურ საფეხბურთო კლუბში საკუთარი წილი შეამცირა
ბიზნესმენმა და კომპანია Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელმა, მიხეილ ლომთაძემ ინგლისურ საფეხბურთო კლუბ „უიკომ უონდერერსში“ საკუთარი წილის 10% გაასხვისა. განხორციელებული გარიგების შედეგად, ბიზნესმენის მფლობელობაში კლუბის აქციების 80% დარჩა.
აქციების მყიდველი თავად „უიკომ უონდერერსის“ თავმჯდომარე და დირექტორი, დენ რაისი გახდა. მან შეიძინა წილი კომპანია Feliciana EFL Limited-იდან, რომელიც ირიბად ლომთაძის საკუთრებაა და გარიგებამდე კლუბის 90%-ს აკონტროლებდა. პროცედურა მას შემდეგ დასრულდა, რაც მას კლუბის დირექტორთა საბჭომ და ინგლისის საფეხბურთო ხელისუფლებამ ოფიციალური დასტური მისცეს.
ამ დროისთვის კლუბის საკუთრების სტრუქტურა ასე გამოიყურება:
• Feliciana EFL Limited (მიხეილ ლომთაძე): 80%; • Wycombe Wanderers Supporters Trust (გულშემატკივართა ტრასტი): 10%; • დენ რაისი: 10%.
მიხეილ ლომთაძე ინგლისური კლუბის მაჟორიტარი აქციონერი 2024 წლის მაისში გახდა, როდესაც გუნდის მფლობელი კომპანია მის საკუთრებაში არსებულ სტრუქტურაზე გადავიდა. ამავე პერიოდში ბიზნესმენი კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც გახდა. მოგვიანებით, 2025 წლის ნოემბერში, ლომთაძემ ყაზახეთში კიდევ ერთი საფეხბურთო კლუბი ასტანის „ჟენისი“ შეიძინა.
მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის ყველაზე გავლენიან ბიზნესმენთა რეიტინგებში წამყვან პოზიციებს იკავებს, თუმცა მას საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. 2026 წლის მარტში გლობალურმა Forbes-მა მისი ქონება 6 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა, რითაც იგი საქართველოს უმდიდრესი ბიზნესმენი გახდა.