
საქართველოს უნივერსიტეტში დემოკრატიზაციისა და ავტოკრატიზაციის გლობალური ტენდენციები განიხილეს
საქართველოს უნივერსიტეტში, 13 ოქტომბერს, კვლევითი ჰაბის - V-Dem Caucasus-ისა და ახალგაზრდობისა და სოციალური კვლევის ცენტრის ორგანიზებით, ღია სემინარი „დემოკრატიზაცია და ავტოკრატიზაცია მსოფლიოში და კავკასიაში“ გაიმართა. ღონისძიებამ მკვლევრებს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებსა და სტუდენტებს გლობალური დემოკრატიული პროცესებისა და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური გამოწვევების შესახებ დისკუსიის შესაძლებლობა მისცა.
სემინარი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ და შვედეთის საელჩოს პირველმა მდივანმა, პოლიტიკური საკითხებისა და შვედეთის პოპულარიზაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ერიკ მალმბერგმა გახსნეს. ღონისძიება ასევე მიეძღვნა გოტებორგის უნივერსიტეტის პროფესორის, სტაფან ლინდბერგის, საქართველოს უნივერსიტეტის კვლევითი ჰაბის - V-Dem Caucasus-ისა და ახალგაზრდობისა და სოციალური კვლევის ცენტრის აკადემიურ ხელმძღვანელად დანიშვნას.
ღონისძიების ფარგლებში სტაფან ლინდბერგმა წარადგინა მოხსენება - „ავტოკრატიზაციის 25 წელი - ახლა აშშ-ის ჯერია?“ (25 Years of Autocratization - Now the USA?). მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა ავტოკრატიზაციის გლობალურ ტენდენციებსა და აშშ-ის დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიაზე.
„მსგავსი საერთაშორისო აკადემიური ღონისძიებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. საქართველოს უნივერსიტეტში გვინდა შევქმნათ სივრცე, სადაც დემოკრატიასა და საზოგადოებაზე მსჯელობა კვლევას, მონაცემებსა და განსხვავებულ აკადემიურ ხედვებს შორის ღია დისკუსიას დაეფუძნება. V-Dem-ის უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში ავტოკრატიების რაოდენობა დემოკრატიების რაოდენობას აღემატება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ პროცესების შესწავლის მნიშვნელობას. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის კვლევითი გამოცდილებაც შევიტანოთ გლობალურ აკადემიურ დისკუსიაში. სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის კი ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, უშუალოდ გაეცნონ საერთაშორისო კვლევებს და რთულ საზოგადოებრივ საკითხებზე პასუხები მტკიცებულებებზე, მონაცემებსა და ღია დისკუსიაზე დაყრდნობით ეძებონ“, - აღნიშნა რევაზ (რეზო) ჩარკვიანმა, საქართველოს უნივერსიტეტის V-Dem Caucasus-ის რეგიონული ცენტრის დამფუძნებელმა დირექტორმა და UG კვლევითი ჰაბის დამფუძნებელმა.
მოხსენებას მოჰყვა პანელური დისკუსია თემაზე - „დემოკრატიზაცია და ავტოკრატიზაცია მსოფლიოში და კავკასიაში“. დისკუსიაში სტაფან ლინდბერგთან ერთად მონაწილეობდნენ შალვა ძებისაშვილი (UGSPN, საქართველოს უნივერსიტეტი), ჰანს გუტბროდი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და იაგო კაჭკაჭიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
პანელური დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს დემოკრატიზაციისა და ავტოკრატიზაციის თანამედროვე გლობალური ტენდენციები, აშშ-ის დემოკრატიული განვითარების მიმართულებები და პოლიტიკური პროცესები საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში.
„დემოკრატიზაცია და ავტოკრატიზაცია აბსტრაქტული ცნებები არ არის - ეს პროცესები გავლენას ახდენს ინსტიტუტებზე, უფლებებზე, პოლიტიკურ კონკურენციასა და მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე. V-Dem-ის უახლესი მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი - 74%, ანუ დაახლოებით 6 მილიარდი ადამიანი - ავტოკრატიებში ცხოვრობს. ეს მაჩვენებელი ნათლად წარმოაჩენს იმ ცვლილებების მასშტაბს, რომელთა შესწავლაც აუცილებელია. სამხრეთ კავკასია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით კვლევისთვის, რადგან შედარებით მცირე გეოგრაფიულ სივრცეში განსხვავებული პოლიტიკური გამოცდილებები და განვითარების ტრაექტორიები იყრის თავს. სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის მთავარი გზავნილი ისაა, რომ ამ საკითხებს მეცნიერულად მიუდგნენ - დასვან ზუსტი კითხვები, დაეყრდნონ სანდო მტკიცებულებებს, შეადარონ განსხვავებული ახსნები და მზად იყვნენ ისეთი შედეგების მისაღებადაც, რომლებიც მათ წინასწარ შეხედულებებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა გოტებორგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა, V-Dem ინსტიტუტის დამფუძნებელმა დირექტორმა (2012-2025) და საქართველოს უნივერსიტეტის კვლევითი ჰაბის აკადემიურმა ხელმძღვანელმა სტაფან ლინდბერგმა.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის, კვლევაზე დაფუძნებული დისკუსიისა და ახალგაზრდების სამეცნიერო პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობას. აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მომხსენებლებისთვის კითხვები დაესვა და განხილულ საკითხებზე დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა.
BM.GE
წყარო: bm.ge