
საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარმა აფეთქებამ სახლის ნგრევა გამოიწვია. შემთხვევამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის - მცირეწლოვანი ბავშვის; კიდევ 5 დაშავებული მოქალაქე კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში 150-მდე მაშველი მუშაობდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან სასტუმროებში 28 ოჯახს, ჯამში დაახლოებით 143 ადამიანს გადაიყვანენ. თავდაპირველად თბილისის მერია კორპუსის 90 ოჯახის დროებით განთავსებას გეგმავდა, თუმცა შენობის მდგრადობის შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ საცხოვრებლად უვარგისია მხოლოდ ორი სადარბაზო.
BM.GE
წყარო: bm.ge