
საქართველოში ინვესტიციების ლანდშაფტი შეიცვალა…ძალიან იკლო დასავლური კომპანიების აქტივობამ - კახა შარაბიძე
“ერთი კონკრეტული ფირმის დაკვირვებით ინვესტიციების ლანდშაფტი შეიცვალა, ძალიან იკლო დასავლურმა ინვესტიციებმა და აქტივობამ დასავლური კომპანიების მხრიდან”- BLB-ს დამფუძნებლის და მმართველი პარტნიორის კახა შარაბიძის განცხადებით, საქართველოში დასავლური ინვესტიციები შემცირდა, აღმოსავლეთიდან ინტერესი კი გაიზარდა.
“ჩვენი დაკვირვებით ქვეყანაში ინვესტიციების ლანდშაფტი შეიცვალა. მე არ მაქვს პრეტენზია, რომ მთელ საქართველოს ან ყველა დარგს ვუყურებთ, მაგრამ ჩემი ერთი კონკრეტული ფირმის დაკვირვებით ინვესტიციების ლანდშაფტი შეიცვალა და ძალიან იკლო დასავლურმა ინვესტიციებმა და აქტივობამ დასავლური კომპანიების მხრიდან. ეს არის ევროპა, ამერიკა... დაფინანსების შემოდინების კუთხით. შეიძლება საფინანსო სექტორში სხვა სიტუაციაა, მაგრამ ზოგადად კერძო ბიზნესში ლანდშაფტი შეიცვალა და ეს ნელ-ნელა ჩვენი დაკვირვებით გადმოვიდა უფრო აღმოსავლეთისკენ, ვიდრე იყო ადრე.
რა თქმა უნდა ქვეყნის ორიენტაციას მნიშვნელობა აქვს ინვესტიციებისთვის. ინვესტორი აფასებს მათ შორის ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. ალბათ ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია და შეიძლება ესეც არის მიზეზი ამ ლანდშაფტის ცვლილების დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ”,-აცხადებს bm.ge-სთან კახა შარაბიძე.
საქსტატმა დღეს 2026 წლის პირველი კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, FDI თითქმის 48%-ით, 271.2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. FDI -ს ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია წინა წლის საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, რადგან 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 183,6 მილიონ დოლარამდე იყო შემცირებული. საქსტატი აღნიშნავს, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ყველაზე დიდი წილი კვლავინდებურად კომპანიების მიერ განხორციელებული რეინვესტიციებია.
სტატისტიკაში ახალი ინვესტიციები ფაქტობრივად არ ჩანს. შესაბამისად, წლების განმავლობაში ქვეყნების და სექტორების რეიტინგიც თითქმის არ იცვლება.