
“საქართველოში ნუშის მოხმარება დრამატულად იზრდება” - ასოციაცია
„ნუშის მოსავლის მნიშვნელოვანი წილი ადგილობრივ ბაზარზე დარჩება“,- ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნიკო ნიკოლაძე "საქმის კურსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მიზეზი გაზრდილი ადგილობრივი მოხმარებაა. გარდა ამისა გარკვეული მოცულობები გავა ექსპორტზეც, თუმცა მისი თქმით, მწარმოებლებს დიდი მოტივაცია არ აქვს საექსპორტო ბაზრებზე გავიდნენ, რადგან ერთი და იგივე მოგების მარჟაა, ამიტომ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას არჩევენ.
ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აცხადებს, რომ ევროკავშირის ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, საქართველოში საჰექტრო მოსავლიანობის სიმცირიდან გამომდინარე კი ქართველი მწარმოებლები სრულფასოვან კონკურენციაში ბაზრის დიდ მოთამაშეებთან ვერ შედიან. ნიკო ნიკოლაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაუტეხავი ნუშის საექსპორტო ფასი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია და 2 დოლარს შეადგენს, ადგილობრივ ბაზარზე კი პროდუქტის ღირებულება 19-20 ლარის ფარგლებშია.
„წელსაც ველოდებით, რომ ნუშის მოსავლის მნიშვნელოვანი წილი ქართულ ბაზარზე დარჩება, რადგან ნუშის მოხმარება დრამატულად იზრდება საქართველოში. ეს გამოწვეულია იმით, რომ ნუშის ფასი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე იყო აქამდე, სანამ საქართველო მწარმოებელი ქვეყანა გახდებოდა.
როდესაც ხდებოდა სრული იმპორტი, მაშინ ცოტა სპეკულაციური ფასიც კი იყო. სუპერმარკეტების დახლებზე შეხვდებოდით ძალიან მაღალ ფასებს. დღეს სუპერმარკეტებში შეხვალთ და ნახავთ — 25-27 ლარია 1 კილოგრამი ნუშის ფასი, რამაც გამოიწვია ის, რომ მომხმარებელმა ერთჯერადი გასინჯვა მოახდინა აღნიშნული კულტურის, შემდეგ განმეორებითი შესყიდვა და შემდეგ კიდევ განმეორებითი შესყიდვა, რაც ზრდის მოხმარებას საქართველოში.
შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ მნიშვნელოვანი წილი ქართული მოსავლისა — მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია მოსავალი — ისევ ქართულ ბაზარზე დარჩება იმის კვალდაკვალ, რომ მოხმარება იზრდება საქართველოში.
რაც შეეხება პოტენციურ გასაღების ბაზრებს ექსპორტთან მიმართებით, საქართველოს გარდა ეს არის ძირითადად ტრადიციული ბაზრები, ჩვენი სამეზობლო. აგრეთვე არის ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, სადაც შეიძლება მოხდეს ქართული ნუშის ექსპორტი, თუმცა დიდი მოტივაცია ქართველ მწარმოებლებს არა აქვთ ამ შემთხვევაში, რომ ექსპორტი განახორციელონ ევროპაში, რადგან კონკურენცია საკმაოდ მაღალია.
ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ სრულფასოვან კონკურენციაში შევიდეთ, რადგან საჰექტრო მოსავლიანობა ჯერჯერობით ისევ დაბალია. საჰექტრო მოსავლიანობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შევიდეთ საფასო კონკურენციაში. სხვა ტიპის კონკურენციაში ვერ შევდივართ, სამწუხაროდ, იმიტომ რომ არ გვაქვს კონკრეტული პოზიციონირება ბაზარზე როგორც, მაგალითად, განსაკუთრებული ხარისხის მაჩვენებლით, განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მაჩვენებლით ან რამე მსგავსი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საქართველოში მოყვანილი ნუში გამოირჩევა გემოს ინტენსივობით, მარკეტინგში ვერ ვხარჯავთ საკმარის ფულს, რომ კონკრეტულ ნიშაზე ვიყოთ მიმართული და ა.შ. იმიტომ რომ არ გვაქვს საკმარისი მოცულობები ჯერჯერობით, რომ მოხდეს კონკრეტული ბიუჯეტის გამოყოფა თვითონ ინდუსტრიაში მწარმოებლების მხრიდან, რომ მოხდეს დამიზნება კონკრეტული ბაზრისთვის, იქ დახარჯვა ფულის მარკეტინგულ კამპანიებში, რათა მომხმარებლის აღქმაში დიფერენცირებული იყოს ქართული ნუში და არ მოხდეს მხოლოდ საფასო კონკურენციაში შესვლა, რაშიც ჯერჯერობით ვაგებთ.
რაც შეეხება ფასებს, ფერმის კარზე ფასი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია. შარშან დოლარი და 60 ცენტიდან იწყებოდა გაუტეხავი ნუშის [გამოსავლიანობა 30%-ია] ფასი და ახლა დაახლოებით 2 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ბუნებრივია, მას მარკეტში ემატება დღგ და სხვადასხვა ტიპის გადასახადები, რასაც ფასი შემდგომში აჰყავს დაახლოებით 25-27 ლარის მარჟაზე”,- აცხადებს ნიკოლაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge