
"საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდან არის" - Galt&Taggart
"საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდანაა, რომელთა უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის მიმართულებით სწავლობს", - ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული.
როგორც მიმოხილვაში წერია, უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი 2019-25 წლებში საშუალოდ წლიურად 11.5%-ით იზრდებოდა და 2025 წელს ₾1.3 მილიარდს მიაღწია, რაც ძირითადად უცხოელი სტუდენტების შემოდინებით იყო განპირობებული.
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 2019-2025 წლებში გასამმაგდა და 44 ათასს მიაღწია, რის შედეგადაც მათი წილი სტუდენტთა მთლიან რაოდენობაში 19.8%-მდე გაიზარდა – ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე მსოფლიოში.
"ხელმისაწვდომობისა და ცხოვრების შედარებით დაბალი ხარჯების ფონზე, საქართველო საერთაშორისო სტუდენტებისთვის კონკურენტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა.
თუმცა, სექტორი სულ უფრო მეტად კონცენტრირებული ხდება, უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდანაა, რომელთა უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის მიმართულებით სწავლობს. აღნიშნული ზრდის დამოკიდებულებას როგორც ერთ კონკრეტულ ბაზარზე, ისე აკადემიურ მიმართულებაზე, რის გამოც სტუდენტების დივერსიფიკაცია წარმოშობის ქვეყნისა და სასწავლო პროგრამის მიხედვით, სექტორისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პრიორიტეტად იქცევა.
მაშინ, როცა საერთაშორისო მოთხოვნა სექტორის ზრდას უწყობს ხელს, ადგილობრივ ბაზარზე კურსდამთავრებულების პროფილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვერ შეესაბამება. საქართველო გამოირჩევა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებზე სტუდენტების უჩვეულოდ მაღალი წილით, ხოლო განათლების, პროფესიული და ტექნიკური მიმართულებების სტუდენტების წილი მნიშვნელოვნად დაბალია. აღნიშნული შეუსაბამობა დასაქმების მაჩვენებლებზეც აისახება – საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ს შეადგენს, მაშინ, როცა OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 4.8%-ია", - წერს საინვესტიციო ბანკი.
Galt&Taggart-ი ასევე წერს, რომ 2026 წლის უმაღლესი განათლების რეფორმა მიზნად ისახავს არსებული სტრუქტურული შეუსაბამობების შემცირებას მიმართულებების მეტი სპეციალიზაციის, პროგრამების სტრუქტურის ცვლილებისა და საჯარო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვების გზით. აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა გააუმჯობესოს რესურსების განაწილება და განათლების შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, თუმცა, საბოლოო ეფექტი განხორციელების ხარისხზე იქნება დამოკიდებული.
BM.GE
წყარო: bm.ge