მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქმეს, რასაც გასტრონომიის სსიპ-ს მიაწერენ, ნებისმიერ უწყებაში რამდენიმე სპეციალისტიც გააკეთებდა"|მოსაზრება
"საქმეს, რასაც გასტრონომიის სსიპ-ს მიაწერენ, ნებისმიერ უწყებაში რამდენიმე სპეციალისტიც გააკეთებდა"|მოსაზრება

"საქმეს, რასაც გასტრონომიის სსიპ-ს მიაწერენ, ნებისმიერ უწყებაში რამდენიმე სპეციალისტიც გააკეთებდა"|მოსაზრება

BM.GE22 ივნისი, 2026, 23:30|bm.ge

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ტურიზმის ექსპერტი თემურ დიასამიძე გასტრონომიის სააგენტოს (სსიპ) შექმნის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს.

მთავრობა გასტრონომიის სსიპ-ს ქმნის

მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ გასტრონომიას უდიდესი პოტენციალი აქვს, ახალი ბიუროკრატიული რგოლის გაჩენა აბსოლუტურად გაუმართლებელია და აღნიშნული ფუნქციების შეთავსება არსებულ უწყებებსაც თავისუფლად შეეძლოთ.

საქმე ის არის, რომ გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის მიზნით, მთავრობამ ახალი სსიპ-ის დაფუძნება გადაწყვიტა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლგის ქვეშ იმუშავებს.

რა მიზანს ემსახურება გასტრონომიის სსიპ-ის შექმნა? - სამინისტროს განმარტება

როგორც თემურ დიასამიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში წამყვანის შესაბამისი შეკითხვის პასუხად აღნიშნა, კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მოხდებოდა გასტრონომიის პოპულარიზაცია ღვინის სააგენტოსთან ერთად ან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მენეჯმენტის ფარგლებში, რიტორიკულია.

"ჩემი აზრით, ახალი სსიპ-ის შექმნის არანაირი საჭიროება არ არსებობს, თუმცა თავად გასტრონომიის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს აქვს პოტენციალი, ეს სფერო საუკეთესოდ განავითაროს. მაგალითად, უცხოეთში რომ ჩახვალთ, შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დასახელების ყველი ჰქონდეთ, მაგრამ ის ყველგან იყიდება და ეს ერთი მიმართულება ქვეყნისთვის უდიდეს შემოსავალს გენერირებს. საქართველოში კი, მხოლოდ ამ კუთხით, უამრავი სახეობა გვაქვს - ღვინოსა და სხვა პროდუქტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. იმ გასტრონომიული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას გააჩნია, ეს მართლაც მასშტაბური სფეროა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ბიუროკრატია უნდა იკვეცებოდეს და საბიუჯეტო ხარჯები სხვა პრიორიტეტებზე მიიმართებოდეს, სპეციალური სსიპ-ის შექმნა ყოვლად გაუმართლებელია. ეს ჩემი პირადი გადმოსახედია და ვფიქრობ, მართალიც ვარ", - აცხადებს ექსპერტი.

თემურ დიასამიძის განმარტებით, ნებისმიერი საქმის გასაკეთებლად, რასაც ახალ უწყებას მიაწერენ, სულაც არ არის საჭირო მთელი სტრუქტურის შექმნა, რადგან ამ ამოცანის შესრულება არსებულ სამინისტროებში მომუშავე რამდენიმე სპეციალისტსაც შეეძლო.

"რაც არ უნდა ვრცელი ჩამონათვალი წარმოადგინონ ახლა, თუ რას გააკეთებს ეს სსიპ-ი, ამავე საქმის შესრულება ნებისმიერ უწყებაში - მათ შორის ტურიზმის ადმინისტრაციასა თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროში - რამდენიმე სპეციალისტსაც თავისუფლად შეეძლო. მთავარია მიდგომა, საკითხისადმი საერთო პრინციპებისა და კონცეფციის შექმნა. დანარჩენი კი ბიზნესს უნდა მივანდოთ - უნდა მიეცეს მას განვითარების საშუალება, გაჩნდეს შესაბამისი პროგრამები, რათა მეწარმეებმა იაფ რესურსებზე მოიპოვონ წვდომა და დაუწესდეთ გარკვეული საგადასახადო შეღავათები. აი, ასე განვითარდება ეს ბიზნესი", - აღნიშნავს თემურ დიასამიძე.

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად კერძო სექტორში საქმიანობს, მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აპარატის გაფართოებითა და ახალი უწყებების დაარსებით რეალურ შედეგს ვერ მივაღწევთ. ის ამ პროცესს ირონიით უყურებს და სატელევიზიო სერიალების სიუჟეტებს ადარებს.

"სახელმწიფოს ჩარევით, ახალი გასტრონომიის სსიპ-ებისა თუ სამინისტროების შექმნით, ჩემი აზრით, დიდ შედეგს ვერ მივაღწევთ. ეს უფრო მეტად იმას ჰგავს, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ აბსურდული სახელწოდებების მქონე სამინისტროებზე რომ გვესმოდა... ასე რომ, ამ უწყების დაფუძნების არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა", - ამბობს დიასამიძე.

მიუხედავად მკვეთრად კრიტიკული პოზიციისა ბიუროკრატიულ ნაწილთან დაკავშირებით, თემურ დიასამიძე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავად გასტრონომიის მიმართულების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აცხადებს, რომ ეს სექტორი ნამდვილად საჭიროებს ყურადღებას, რადგან მას გლობალური მასშტაბით წარმატების მიღწევის რესურსი გააჩნია.

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გასტრონომიის მიმართულება უმნიშვნელოვანესია. ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ის ტურიზმის ყველაზე მზარდი სფეროა. ინტერესი დიდია და მით უმეტეს, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ და ქართული გასტრონომია არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდად ვაქციოთ. ეს, რა თქმა უნდა, უაღრესად საინტერესოა და ამ სფეროს ნამდვილად სჭირდება მიხედვა", - განაცხადა თემურ დიასამიძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AbbVie-მ $10.9 მილიარდად Apogee Therapeutics-ის ყიდვა გადაწყვიტა

AbbVie-მ $10.9 მილიარდად Apogee Therapeutics-ის ყიდვა გადაწყვიტა

BM.GE

კვების ობიექტებში სასმელი გაძვირდება -  1-ელი ივლისიდან პლასტმასი შუშის ბოთლებმა უნდა ჩაანაცვლოს

კვების ობიექტებში სასმელი გაძვირდება -  1-ელი ივლისიდან პლასტმასი შუშის ბოთლებმა უნდა ჩაანაცვლოს

BM.GE

სახელმწიფომ გიდებს რეგისტრაციისთვის გადახდილი 40 ლარი უკან უნდა დაუბრუნოს - გიორგი თეთრაძე

სახელმწიფომ გიდებს რეგისტრაციისთვის გადახდილი 40 ლარი უკან უნდა დაუბრუნოს - გიორგი თეთრაძე

BM.GE

მთავრობამ საწვავის აქციზიდან ხუთ თვეში 298 მილიონი ლარი მიიღო

მთავრობამ საწვავის აქციზიდან ხუთ თვეში 298 მილიონი ლარი მიიღო

BM.GE