
სასაკლაოებში II კვარტალში 128.1 ათასი სული პირუტყვი დაიკლა - დაკვლის ფასი 16%-ით გაიზარდა
2026 წლის II კვარტალში საქართველოში 116 ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რაოდენობრივად არ შეცვლილა.
ამასთან, სასაკლაოებში დაკლული პირუტყვის რაოდენობა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში სასაკლაოებში 128.1 ათასი სული პირუტყვი დაიკლა, მაშინ როდესაც 2025 წლის II კვარტალში ეს მაჩვენებელი 124.8 ათასი იყო. შესაბამისად, წლიურად დაკლული პირუტყვის რაოდენობა დაახლოებით 2.6%-ით გაიზარდა.
დაკლული პირუტყვის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ღორებზე მოდიოდა - 65.6%. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე 27.3%, ცხვარსა და თხაზე 4.1%, ხოლო სხვა პირუტყვზე, ფრინველის გარდა, 3.0% მოდიოდა.
ამავე პერიოდში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2.9421 მილიონი ერთეული იყო, რაც გასული წლის II კვარტლის 3.134 მილიონ ერთეულთან შედარებით დაახლოებით 6.1%-ით ნაკლებია.
მიუხედავად პირუტყვის რაოდენობის ზრდისა, სასაკლაოებში წარმოებული ხორცის მოცულობა შემცირდა. 2026 წლის II კვარტალში სასაკლაოებმა 14.3 ათასი ტონა ხორცი აწარმოვეს, მაშინ როდესაც 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 15.5 ათასი ტონა იყო. კლება დაახლოებით 7.7%-ს შეადგენს.
2026 წლის II კვარტალში წარმოებული ხორცის 42.5% ღორის ხორცზე მოდიოდა, 31.9% - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 25% - ფრინველის ხორცზე, ხოლო 0.6% - ცხვრისა და თხის ხორცზე.
სასაკლაოებში მომსახურების ფასები წლიურად გაიზარდა.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საშუალო საფასური 2026 წლის II კვარტალში 47 ლარი იყო, 2025 წლის II კვარტალში კი 40.5 ლარი. შესაბამისად, ფასი 6.5 ლარით, ანუ 16%-ით გაიზარდა.
ღორის დაკვლის საშუალო ფასი 36.7 ლარამდე გაიზარდა, გასული წლის 33.7 ლარიდან ზრდა 3 ლარი, ანუ 8.9%.
ცხვრის ან თხის დაკვლის საშუალო საფასური კი 16.4 ლარი იყო, 2025 წლის II კვარტალში არსებული 13.3 ლარის ნაცვლად. შესაბამისად, ფასი 3.1 ლარით, ანუ 23.3%-ით გაიზარდა.
მომსახურების მომხმარებელთა რაოდენობა კი შემცირდა. 2026 წლის II კვარტალში სასაკლაოების მომსახურება 7.8 ათას პირს გაეწია, გასული წლის შესაბამის პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 9.6 ათასი იყო.
ამასთან, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 021 ადამიანიდან 1 076-მდე გაიზარდა. შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 5.4%-ით არის გაზრდილი.
2026 წლის II კვარტალში მოქმედი სასაკლაოების ყველაზე დიდი რაოდენობა კახეთში იყო 23 ერთეული, რაც საერთო რაოდენობის 19.8%-ია.
იმერეთში 22 სასაკლაო ფუნქციონირებდა - 19.0%, შიდა ქართლში - 20, ანუ 17.2%, ქვემო ქართლში - 16, ანუ 13.8%, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 10, ანუ 8.6%, მცხეთა-მთიანეთში - 9, ანუ 7.8%.
აჭარაში 6, გურიაში 5, სამცხე-ჯავახეთში 2, ხოლო თბილისში 3 სასაკლაო ფუნქციონირებდა.
BM.GE
წყარო: bm.ge