
სასკოლო ფორმა სოციალური უთანასწორობის გაქრობას ვერ შეძლებს - განათლების ექსპერტი
სასკოლო ფორმა სოციალურ უთანასწორობას ვერ აღმოფხვრის და შესაძლოა, პირიქით, ბავშვებს შორის არსებული განსხვავებები უფრო თვალსაჩინო გახადოს, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განათლების ექსპერტმა მარიამ რამინაშვილმა განაცხადა.
მისი აზრით, ფორმის შემოღების საკითხზე მთავარი პრობლემა თავად ფორმა არ არის, არამედ ის, თუ როგორ და რა მიზნით ხდება მისი დანერგვა. ექსპერტის შეფასებით, გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისა და მათი მშობლების პოზიციების მოსმენაც.
„მე არ ვამბობ, რომ ფორმა არ უნდა არსებობდეს ან რომ ყველა სიახლეს უარი უნდა ვუთხრათ. შეიძლება ეს იყოს კარგი ინიციატივა, მაგრამ გააჩნია, როგორ ვაკეთებთ ამას. როდესაც რაღაცას ბავშვის სასწავლო პროცესში ვცვლით, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ მის განწყობაზე და მოტივაციაზე. თუ ბავშვს საერთოდ არ ვეკითხებით, რას ფიქრობს ამაზე, მერე არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ეს ცვლილება მისთვის დადებითად არ იმუშავებს“, - განაცხადა რამინაშვილმა.
მისივე თქმით, ფორმის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად სოციალური უთანასწორობის შემცირების დასახელება პრობლემურია, რადგან უთანასწორობის მიზეზები ბევრად უფრო ღრმაა და ტანსაცმლის გათანაბრებით ვერ მოგვარდება.
„ეს არ არის ისეთი საკითხი, რომ ყველას ერთნაირი ტანსაცმელი ჩავაცვათ და ვთქვათ, სოციალური უთანასწორობა აღარ არსებობს. ადამიანს შეიძლება ზუსტად იგივე ფორმა ეცვას, მაგრამ მის ოჯახურ მდგომარეობას, შესაძლებლობებს, განათლებას და იმ გარემოს, რომელშიც ის იზრდება, ეს ვერ შეცვლის. თუ ამ პრობლემასთან ბრძოლა გვინდა, ბავშვების აღზრდასა და განათლებაზე უნდა ვიმუშაოთ და არა მხოლოდ იმაზე, რა აცვიათ მათ“, - აღნიშნა მან.
რამინაშვილი ამბობს, რომ ფორმის სავალდებულოობამ შესაძლოა დამატებითი ხარჯიც შექმნას ოჯახებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტანდარტული ფორმის ბავშვისთვის მორგება ან გადაკეთება ხდება საჭირო.
„ფორმა მარტო ის ფული არ არის, რომელსაც მაღაზიაში გადაიხდი. ბავშვს შეიძლება არ მოერგოს, დასჭირდეს გადაკეთება, მეორე ფორმა გახდეს საჭირო, გაიზარდოს და თავიდან საყიდელი იყოს. ყველა ბავშვი ერთნაირი ზომის არ არის და არც ყველა ოჯახს აქვს ერთი და იგივე ფინანსური შესაძლებლობა. ამიტომ, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, ეს ყველაფერი წინასწარ უნდა გქონდეს გათვლილი“, - განაცხადა განათლების ექსპერტმა.
მისი თქმით, სასკოლო ფორმას შეიძლება საკუთარი ფუნქცია ჰქონდეს, მაგალითად, კონკრეტული სკოლის იდენტობის შექმნა, თუმცა ამისთვის აუცილებელი არ არის ყველა სკოლასა და ყველა მოსწავლეზე ერთი მიდგომის გავრცელება.
„სხვადასხვა ქვეყანაში ფორმა ნამდვილად არსებობს და ზოგ შემთხვევაში ის სკოლის იდენტობის ნაწილია. შეიძლება სკოლას ჰქონდეს თავისი ფერი, ნიშანი, ქურთუკი ან სხვა რამ, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს. ეს სხვა რამეა. აქ უკვე სკოლა თავის იდენტობას ქმნის და ბავშვიც ამ პროცესის ნაწილია. მე პრობლემა მაქვს იმასთან, როდესაც რაღაც მოდელს უბრალოდ ზემოდან ვაწესებთ და ვეუბნებით ყველას, რომ ასე უნდა იყოს“, - განმარტა რამინაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, აუმჯობესებს თუ არა სასკოლო ფორმა განათლების ხარისხს, ექსპერტი ამბობს, რომ ამის დამადასტურებელი საერთაშორისო კვლევა მისთვის ცნობილი არ არის.
„ასეთი კვლევა არ არსებობს, რომელიც პირდაპირ გვეტყვის, რომ ფორმის შემოღებამ განათლების ხარისხი გააუმჯობესა. ფორმას შეიძლება სხვა დანიშნულება ჰქონდეს, მაგრამ არ უნდა მოვიგონოთ მიზეზი, თითქოს ბავშვებისთვის ერთნაირი ტანსაცმლის ჩაცმა მათ უკეთეს განათლებას მისცემს“, - განაცხადა მან.
რამინაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ფორმის სავალდებულო წესით შემოღებამ შესაძლოა მოსწავლეებში წინააღმდეგობა გააჩინოს.
„რაც უფრო მეტად დააძალებ ადამიანს რაღაცას, მით უფრო დიდია წინააღმდეგობის გაჩენის ალბათობა, განსაკუთრებით ბავშვებთან. თუ გინდა, რომ მათ ეს მიიღონ, მათთან უნდა ილაპარაკო, უნდა აუხსნა, უნდა მოუსმინო და მათ აზრსაც მისცე მნიშვნელობა. სხვანაირად შეიძლება ის, რაც თითქოს კარგი იდეით დაიწყო, საბოლოოდ სკოლისთვის კიდევ ერთ პრობლემად იქცეს“, - აღნიშნა მან.
განათლების ექსპერტის შეფასებით, თუ განათლების სისტემას სოციალური უთანასწორობის შემცირება სურს, ამისთვის რესურსი სხვა მიმართულებებზე უნდა მიმართოს - მათ შორის, სამოქალაქო განათლებაზე, მასწავლებლების გადამზადებასა და ხარისხიანი სასწავლო რესურსების შექმნაზე.
„ფორმას ეს ვერ გამოუვა. არც წარსულში გამოუვიდა და ვერც მომავალში შეძლებს სოციალური უთანასწორობის გაქრობას. ამისთვის სხვა რამეა საჭირო - როგორ ვზრდით ბავშვს, რას ვასწავლით, როგორ ვაჩვენებთ სამყაროს და რამდენად ვაძლევთ მას განვითარების შესაძლებლობას. აი, აქ უნდა დავხარჯოთ ჩვენი ენერგიაც და რესურსიც“, - განაცხადა მარიამ რამინაშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge