
სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა - ამის შესახებ ინფორმაციას სომეხი ბიზნესმენის, კარენ საფარიანის ჰოლდინგური კომპანია AGE S.A. ავრცელებს, რომელიც Arins Group-ის შემადგენელი ერთ-ერთი კომპანიაა.
სასტუმრო "ბილტმორი" დაფუძნებიდან დღემდე, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრის, შეიხ ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის საკუთრებაში იყო. ბიზნეს რეესტრის თანახმად, ის კომპანიის 66%-ის მფლობელი იყო, შეიხ მოჰამედ ბინბუტი ბინჰამედ ალ-ჰამედი ფლობდა 20%-ის წილს, ხოლო შეიხ სურორ ბინმოჰამედ ბინხალიფა ალ-ნაჰიანი 13.5%-ის წილს.
„ბილტმორი" ანუ შპს "დაბი გრუპ ჯორჯია" რუსთაველის გამზირის №29-ში მდებარე 9,121 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ იმელის ისტორიულ შენობას და 2016 წელს აშენებულ 36-სართულიან 138 მეტრის სიმაღლის კოშკს ფლობს. სასტუმროში 216 ნომერია, გარდა ამისა, შენობაში განთავსებულია ღონისძიებებისა და შეხვედრების სივრცეები, სპა/გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რესტორნები და სამორინე.
2024 წელს კომპანიის სასტუმროს საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა, მათ შორის ნომრების გაქირავებიდან, საკვებისა და სასმლისა და სხვა სასტუმრო მომსახურებიდან, დაახლოებით 29.4 მილიონი ლარი შეადგინა.
კერძოდ, ნომრების გაქირავებიდან შემოსავალი 21.55 მილიონი ლარი იყო, საკვებისა და სასმლის მიმართულებიდან — 6.03 მილიონი ლარი, სხვა სასტუმრო მომსახურებიდან კი — 1.84 მილიონი ლარი.
კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო საინვესტიციო ქონების გაქირავებაა. 2024 წელს ამ მიმართულებით მიღებულმა შემოსავალმა 6.04 მილიონი ლარი შეადგინა. საიჯარო შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი კომპლექსში მოქმედი კაზინოსთვის ფართის გაქირავებას უკავშირდება.
საერთო ჯამში, „დაბი გრუპ ჯორჯიას“ 2024 წლის შემოსავალი 35.46 მილიონი ლარი იყო. კომპანიამ მაღალი ფინანსური ხარჯების გამო მისი საბოლოო შედეგი უარყოფითი იყო. 2024 წელს „დაბი გრუპ ჯორჯიამ“ 9.86 მილიონი ლარის წმინდა ზარალი მიიღო.
სასტუმრო "ბილტმორის" გარდა Arins Group-ი შეიხ ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის საინვესტიციო ჰოლდინგისგან "ტერაბანკსაც" ყიდულობს, რასთან დაკავშირებითაც მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა, თუმცა ბანკის წილების გასხვისებისთვის ჯერ ეროვნული ბანკის თანხმობა არის საჭირო.
Arins Group-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნასყიდობა ჯგუფის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
"სს „ტერაბანკისა“ და სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ შეძენის შესახებ შეთანხმება ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების ნაწილია და მიზნად ისახავს საქმიანობის გაფართოებას ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე, მომსახურებების შემდგომ განვითარებასა და რეგიონული ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
რეგიონული გაფართოების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად საქართველო შეირჩა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძლიერი დინამიკის, მდგრადი და დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების გათვალისწინებით. მზარდი კომპანიისთვის მეზობელ ქვეყანაში გაფართოება განვითარებისკენ გადადგმული ლოგიკური ნაბიჯია.
სს „ტერაბანკის“ შეძენა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის გაძლიერების, კორპორაციული საბანკო მომსახურებების გაფართოებისა და საცალო საბანკო მიმართულების შემდგომი განვითარებისათვის.
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“, რომელიც თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ შენობად მიიჩნევა, ჰოლდინგისთვის ტურიზმის სექტორში სტრატეგიულ ინვესტიციას წარმოადგენს. აღნიშნული ინვესტიცია ხაზს უსვამს AGE S.A.-ის გრძელვადიან ინტერესს საქართველოს მიმართ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მზაობას.
ტრანზაქციის დასრულება ექვემდებარება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების თანხმობის მიღებასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აუცილებელი პროცედურების დასრულებას,"- ნათქვამია განცხადებაში.
BM.GE
წყარო: bm.ge