
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულება II კვარტალში წლიურად 5.8%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსის 2026 წლის II კვარტალის მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, აპრილ-ივნისში ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 8.1%-ით შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, კვარტალური კლება ძირითადად ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების შემცირებას უკავშირდება. ამ ჯგუფში ღირებულება წინა კვარტალთან შედარებით 7.6%-ით შემცირდა, რამაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში - 4.0 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება II კვარტალში 10.3%-ით შემცირდა, ხოლო აღნიშნული ჯგუფის წვლილმა საერთო კვარტალურ ცვლილებაში -3.20 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 5.4%-ით შემცირდა, მისი წვლილი კი -0.87 პროცენტული პუნქტი იყო.
წლიურ ჭრილში სურათი განსხვავებულია. 2026 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 5.8%-ით გაიზარდა.
წლიურ ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გაძვირებამ მოახდინა. ამ ჯგუფის ღირებულება ერთი წლის განმავლობაში 15.5%-ით გაიზარდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 8.58 პროცენტული პუნქტით აისახა.
მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება წლიურად 1.3%-ით გაიზარდა და საერთო ინდექსის ცვლილებაში 0.36 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
ამასთან, ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 12.1%-ით შემცირდა, რამაც წლიური ინდექსის ცვლილებაზე -3.09 პროცენტული პუნქტის გავლენა მოახდინა.
საქსტატის მიხედვით, 2026 წლის II კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსის ძირითადი მაჩვენებლები ასეთია:
პროდუქციის ჯგუფი ინდექსი წინა კვარტალთან წვლილი კვარტალურ ცვლილებაში ინდექსი წინა წლის შესაბამის კვარტალთან წვლილი წლიურ ცვლილებაში სულ (A სექცია) 91.9 -8.07% 105.8 5.85% ერთწლოვანი კულტურები 94.6 -0.87% 87.9 -3.09% მრავალწლოვანი კულტურები 89.7 -3.20% 101.3 0.36% ცოცხალი ცხოველები და ცხოველური პროდუქტები 92.4 -4.00% 115.5 8.58%
საქსტატის განმარტებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი ქვეყნის მასშტაბით ფერმერთა მიერ წარმოებული და რეალიზებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის საშუალო ფასების ცვლილებას ასახავს „ფერმის კართან“.
ინდექსი ეფუძნება ევროპულ სტანდარტს — CPA 2008-ს, ხოლო მონაცემების შეგროვება სასოფლო მეურნეობათა ყოველკვარტალური გამოკვლევის ფარგლებში ხორციელდება.
საქსტატი აღნიშნავს, რომ ინდექსის ცალკეული კომპონენტების წვლილის ჯამი შესაძლოა მცირედ განსხვავდებოდეს მთლიან ცვლილებასთან შედარებით, რაც მონაცემების დამრგვალებით არის გამოწვეული.
BM.GE
წყარო: bm.ge