
"სასტუმროების ბიზნესში უძრაობის პერიოდია" - მიხეილ გაფრინდაშვილი
ბიზნესის მრჩეველ მიხეილ გაფრინდაშვილის შეფასებით, სასტუმროების ბიზნესში უძრაობის პერიოდია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. ის პარტნიორებთან ერთად ფლობს Horeca Industrial-ს, რომელიც 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სასტუმროების და რესტორნების სრულ პროფესიონალურ აღჭურვას სთავაზობს. მიხეილ გაფრინდაშვილმა, სტუმარმასპინძლობის სექტორს, გამოწვევების დასაძლევად, გარკვეული რეკომენდაციებიც მისცა და ისაუბრა მიზეზებზეც, რამაც სასტუმროებში კაპიტალური დაბანდებების შეჩერება და სექტორში ე.წ. „უძრაობის პერიოდი“ გამოიწვია.
- ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ყველაზე მეტად ტურიზმი დააზარალა, სადაც საერთაშორისო ტურისტების რიცხვი და შემოსავლები კი მზარდია, მაგრამ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები პრობლემებზე ხშირად საუბრობენ. თქვენ შეხება გაქვთ სექტორთან კომპანია Horeca Industrial-ის საშუალებით, ამიტომ როგორ აღწერდით სტუმარმასპინძლობის ბიზნესში არსებულ მდგომარეობას - რატომ გრძნობს ბიზნესი თავს ცუდად, როცა ჯამური რიცხვები ზრდას აჩვენებს?
- აცდენა [ოფიციალურ სტატისტიკასა და ბიზნესის აღქმას შორის] ნამდვილად თვალსაჩინოა. ჩვენი კომპანია, რომელიც მსხვილი სასტუმროებისა და რესტორნების აღჭურვაზე მუშაობს და 70-ზე მეტ საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობს, ამ მდგომარეობას პირდაპირ გრძნობს. ტურიზმის სექტორში რამდენიმე წამყვანი ფაქტორია: მართალია, 2026 წლისთვის 5.5 მილიონ ტურისტსა და 6 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს ველოდებით, მაგრამ სასტუმროებს, რომლებზეც ჩვენ ვართ ორიენტირებულნი, უდიდესი კონკურენტი ჰყავთ არასასტუმრო ტიპის საცხოვრებელი ბინები. მათი რიცხვი სწრაფად იზრდება: თუ 2026 წლისთვის ეს მაჩვენებელი 16 000-ს მიაღწევს, 2028 წლისთვის თითქმის გაორმაგდება და 28 000-მდე ავა. ეს პროცესი პირდაპირ „ურტყამს“ როგორც მაღალი, ისე საშუალო რანგის სასტუმროებს, რომელთა შემოსავლებიც მცირდება. საგულისხმოა ისიც, რომ ტურიზმის შემოსავლებში განთავსების წილი მხოლოდ 40%-ია, სადაც არასასტუმრო სექტორს უდიდესი ნაწილი მიაქვს... ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ტურიზმის სფეროში ისიც, რომ შენელდა ახალი სასტუმრო ოთახების მიწოდება...
- ეს ბაზრის ბუნებრივი რეაქციაა?
- დიახ, ეს ბუნებრივია. 2024-2026 წლებში დაგეგმილი იყო 22 საერთაშორისო და 290 ლოკალური სასტუმროს გახსნა, ჯამში, 18 500 ნომრით, თუმცა ამ პროცესმა საგრძნობლად იკლო. ბაზარზე მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას, რის გამოც ბევრმა პროექტმა ტემპი შეანელა.
- შარშან განსაკუთრებით გამოიკვეთა არსებული სასტუმროების პროფილის შეცვლის ტენდენცია - ზოგიერთი მათგანი ოფისად ან ბანკის ფილიალად გადაკეთდა...
- მცირე და საშუალო სექტორს ძალიან გაუჭირდა. მსხვილმა მოთამაშეებმა თავის გადარჩენა ფასების დაწევით შეძლეს. მაგალითად: 2019 წელს სასტუმროს ნომრის საშუალო ფასი $99 იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი $93-მდეა ჩამოსული. რეალურად, ფასი კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა, მაშინ როდესაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ბიზნესის წარმოების ხარჯები უზარმაზარი მასშტაბით გაიზარდა.
- სასტუმროების მფლობელები ხშირად ამბობენ, რომ „თვითგადარჩენის ფასით“ მუშაობენ. ზოგიერთი ბიზნესჯგუფი კრედიტების დასაფარად მშენებლობის ბიზნესში შევიდა...
- ზუსტად ასეა. ამ იძულებითი ეკონომიის გამო, სასტუმროები კაპიტალურ დაბანდებებს ვეღარ ახორციელებენ. პროფესიონალური სამზარეულო აღჭურვილობა, ჭურჭელი თუ თეთრეული საკმაოდ ძვირად ღირებული ინვესტიციაა. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასტუმროების სექტორში უძრაობის პერიოდია...
- რა შეიძლება ვურჩიოთ ამ დროს სასტუმრო ბიზნესს, რომელიც პანდემიის შემდეგ მუდმივად რისკებისა და გამოწვევების წინაშეა?
- რეიტინგული კვლევითი სააგენტოების მთავარი რეკომენდაცია სწორი სეგმენტაციაა, რასაც მეც ვურჩევდი. მაგალითად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ებრაელი ტურისტი ძალიან მომგებიანია - ტურისტების საერთო რაოდენობაში მათი წილი მხოლოდ 7%-ია, მაგრამ შემოსავლებში ორჯერ მეტს, 14%-ს შეადგენენ. ბიზნესმა უნდა შექმნას დამატებითი ღირებულება სტუმარს./ მხოლოდ განთავსება აღარ არის საკმარისი. საჭიროა კვების, გართობისა და ექსკურსიების ინტეგრირება, რათა მომხმარებელმა იმავე ფასში მეტი სერვისი მიიღოს. ასევე, უნდა გადაიხედოს დამოკიდებულება ნაკლებად მომგებიან სეგმენტებთან. მაგალითად, რუსი ტურისტები რაოდენობრივად 23%-ს შეადგენენ, თუმცა შემოსავლებში მათი წილი მხოლოდ 11-12%-ია, რაც მათ ფინანსურად ნაკლებად მიმზიდველს ხდის. მოკლედ, გამოსავალი ეფექტიანობის გაზრდასა და მაღალმხარჯველუნარიან სეგმენტზე ფოკუსირებაშია.
BM.GE
წყარო: bm.ge