
სასტუმროების ფასები გაიზარდა, თუმცა სექტორი ახალ გამოწვევებს ეჯახება - ფედერაციის შეფასება
საქართველოს სასტუმროების სექტორში მოთხოვნა იზრდება, თუმცა ფასების დინამიკა და მომსახურების ხარისხი კვლავ მთავარ გამოწვევებად რჩება. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ქეთი მელაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში სასტუმროების ნაწილში ზრდა ფიქსირდება, თუმცა ბაზრის ცვლილებები ინდუსტრიისგან ახალ მიდგომებს მოითხოვს.
როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ფედერაციის წევრი სასტუმროების ნაწილი მიმდინარე სეზონზე დაახლოებით 20%-იან ზრდას აფიქსირებს. მელაძე აღნიშნავს, რომ ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად იცვლება სტუმრების სტრუქტურაც - საქართველოში უფრო აქტიურად შემოდიან როგორც ევროპელი, ისე აზიური ბაზრების წარმომადგენლები.
ის ხაზს უსვამს, რომ "ვიზიარის ეფექტმა" განსაკუთრებით გააძლიერა დაბალბიუჯეტიანი ევროპელი ტურისტების ნაკადი, მათ შორის პოლონეთიდან და გერმანიიდან. ამასთან, სექტორისთვის ახალი შესაძლებლობაა ჩინეთის ბაზარიც, სადაც მოთხოვნები განსხვავებულია და მომსახურებისადმი მაღალი მოლოდინებია.
ქეთი მელაძის შეფასებით, ტურისტების რაოდენობის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს სასტუმროებისთვის შემოსავლების პროპორციულ ზრდას.
„თუ ტურისტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ისინი ნაკლებად გადამხდელები არიან, მხოლოდ მოცულობის ზრდა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია ბალანსი - მეტი სტუმარი უნდა ნიშნავდეს მეტ ღირებულებასაც სექტორისთვის“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, საქართველოს ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს მომსახურების ხარისხია. მელაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს სერვისის კულტურის გაუმჯობესების საჭიროება და ეს მხოლოდ სასტუმროებს არ ეხება.
"ხშირად ვამბობთ, რომ სტუმართმოყვარე ერი ვართ, თუმცა სტუმართმოყვარეობა მხოლოდ მიღებას არ ნიშნავს - მნიშვნელოვანია ის ემოცია, რომელსაც სტუმარი ქვეყნიდან წაიღებს", - განაცხადა მან.