
"სასტუმროების გაყიდვა ძალიან ბევრ მფლობელს უნდა…დღესაც შევხვდი ორ მესაკუთრეს"|ინტერვიუ შალვა ალავერდაშვილთან
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი, ჰოტელიერი შალვა ალავერდაშვილი სასტუმროების ბაზარზე ქონების გასხვისების ტენდენციის ზრდას პროგნოზირებს. მისი შეფასებით, 2019 წლის ე.წ. "გავრილოვის ღამის” მოვლენებისა და covid-პანდემიის შემდეგ სექტორი “ფეხზე ვერ დადგა”, რასაც საწოლფონდის ჭარბი ზრდა, საოპერაციო ხარჯების (განსაკუთრებით სახელფასო ბიუჯეტის) მკვეთრი მატება და მოგების მარჟის შემცირება დაემატა.
შალვა ალავერდაშვილი, რომელიც ამჟამად თბილისსა და რეგიონებში 9 სასტუმროს მართავს, ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ ქვეყანაში სასტუმროების ბანკებად, ოფისებად თუ კლინიკებად გადაკეთების ტენდენცია გახშირდა.
BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუშიც, სადაც ჰოტელიერმა სასტუმროების ბიზნესში არსებული მდგომარეობა ვრცლად გააანალიზა, ივარაუდა, რომ გაგრძელდება როგორც სასტუმროების პროფილის შეცვლის, ისე გაყიდვის ტენდენცია.
სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა
2025 წელს, საქართველოში სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა 2 783-მდე გაიზარდა
ინტერვიუ შალვა ალავერდაშვილთან
- რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა. ეროვნული ბანკის თანახმად, სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა და ასევე, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა. სასტუმროების ინდუსტრიის წარმომადგენლებიც ხშირად საუბრობენ გამოწვევებზე, მათ შორის იმაზეც, რომ სასტუმროების კრედიტების დაფარვას სხვა ბიზნესებიდან ცდილობენ ან აქტივს პროფილს უცვლიან… თქვენი პროგნოზით, გაგრძელდება თუ არა სასტუმროების გაყიდვის ტენდენცია ქვეყანაში?
- დიახ, ეს ტენდენცია ნამდვილად თვალსაჩინოა. თქვენთან მოსვლამდე ორ სხვადასხვა მესაკუთრეს შევხვდი - ერთს - თბილისში, მეორეს - რეგიონში. ორივე მთხოვს, დავეხმარო სასტუმროს გაყიდვაში, რადგან ტურისტული სეზონი როგორც კი მიიწურება, ოქტომბრის ბოლოდან მზად არიან, ობიექტები გასხვისდეს… ადამიანები თავიანთ ბიზნესს დღეს ძალიან რაციონალურად აფასებენ. მათ აღარ სურთ, რომ სხვა წარმატებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით დააფინანსონ სასტუმროები. დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ სასტუმროს გაყიდვა ძალიან ბევრ ადამიანს სურს.
- რატომ?
- პანდემიის შემდეგ სასტუმროების ბიზნესი, ფაქტობრივად, ვერ “გასწორდა”. ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ და ისეთ პერიოდში მოგვიწია საქმიანობა, რომ 2019 წლის „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, რაც ბიზნესის ვარდნა დაიწყო, სექტორმა დღემდე ვერ შეძლო ფეხზე დადგომა. ამ რეალობას ვერ შეცვლის ოფიციალური სტატისტიკაც, რომელიც გვეუბნება, რომ ვითარება კარგია და ვიზიტორების ნაკადი მზარდია.
- ტურისტების ზრდის ტემპი ვერ ეწევა სასტუმრო ოთახების მიწოდებას?
- ზუსტად. ავიღოთ თუნდაც „საქსტატის“ მონაცემები: შევადაროთ 2016-2017 წლების - სასტუმროების „რენესანსის ხანის“ - საწოლფონდი დღევანდელ მაჩვენებელს და შემდეგ შევხედოთ ტურისტების პროცენტულ მატებას. დავინახავთ, რომ ვიზიტორების ზრდის ტემპი საგრძნობლად ჩამორჩება ოთახების რაოდენობის ზრდას. მაღალი კონკურენციის გამო, სასტუმროები საკმარის შემოსავალს ვერ აგენერირებენ. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში სასტუმროებში სახელფასო ბიუჯეტი და საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაიზარდა. შესაბამისად, მოგების მარჟა, რაც ადრე არსებობდა, დღეს აღარ არის. ინვესტორისთვის კი მთავარი სწორედ მოგების მარჟაა.
- სასტუმროების შენობების პროფილის ცვლილების ტენდენცია - მაგალითად, სასტუმროების კლინიკებად, ბანკებად თუ ოფისებად გადაკეთება - ისევ ნარჩუნდება?
- ზაფხულის აქტიურ სეზონზე ყველა ცდილობს, მაქსიმალურად იმუშაოს და ფინანსური რესურსი დააგროვოს, ამიტომ სეზონზე ეს ტენდენცია ნაკლებად ჩანს. უნდა დაველოდოთ, როგორი იქნება არასეზონური პერიოდი. ამ ეტაპზე მაინც გვაქვს იმედი, რომ დადებითი დინამიკა გვექნება, თუმცა, როგორც კი ვიტყვი ხოლმე, რომ კარგად მივდივართ, რეგიონში მაინცდამაინც მაშინ ხდება რაღაც გაუთვალისწინებელი, რაც ტურიზმზე ახდენს გავლენას.
BM.GE
წყარო: bm.ge