
Uber-მა თანამშრომელთა 10%-ის გათავისუფლება გადაწყვიტა
რობოტაქსების სექტორის მკვეთრი ზრდისა და მზარდი კონკურენციის ფონზე, ამერიკული Uber-ი დაახლოებით 3,300 თანამშრომელს, ანუ შტატის 10%-ს ითხოვს.
ეს პანდემიის შემდეგ კომპანიაში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური შემცირებაა. სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, ტაქსის გამოძახების ამერიკული გიგანტი მენეჯმენტის გამარტივებას გეგმავს.
როგორც ირკვევა, რეფორმის შედეგად 20%-ით შემცირდება იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც იერარქიულად გენერალური დირექტორიდან შვიდი ან მეტი საფეხურით ქვემოთ იმყოფებიან. ამასთან, თითქმის განახევრდება იმ გუნდების რაოდენობა, რომლებშიც მხოლოდ 1 ან 2 დაქვემდებარებული პირია. კომპანია ზოგიერთ გუნდს გააერთიანებს, თანამშრომელთა დიდ ნაწილს ძირითად ჰაბებში მოუყრის თავებს, ხოლო დისტანციურ რეჟიმში მომუშავეთა წილს შტატის 1%-მდე შეზღუდავს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Uber-ი რობოტაქსების ბაზარზე პოზიციების დასაცავად მომდევნო წლებში $10 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. კომპანია Waymo-სა და Tesla-ს მხრიდან მზარდ კონკურენციას განიცდის. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ კომპანია დროულად არ გაზრდის ეფექტიანობას და არ შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, მას ზემოხსენებულ კომპანიებთან კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.
BM.GE
წყარო: bm.ge