
სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა | შსს
საქართველოში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა - შსს ცნობით, შესაბამისი ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" უკვე შევიდა.
რეგულაციის მიხედვით, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში - 23:00-დან 08:00 საათამდე - ავტომობილებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დონე 100 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
ხმაურის დონის კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები ახორციელებენ. შემოწმების პროცესში სამართალდამცველები საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამის პორტატულ საზომ მოწყობილობებს იყენებენ.
რა სანქციებია გათვალისწინებული ნორმის დარღვევისთვის:
• პირველ შემთხვევაში - მძღოლი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობას 10 ქულა დააკლდება; • იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას - ჯარიმა შეადგენს 200 ლარს და მართვის მოწმობას 20 ქულა აკლდება; • მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევისას - გათვალისწინებულია 300-ლარიანი ჯარიმა და 30 ქულის ჩამოკლება.
დეციბალების ზღვრის გაზრდის შესაძლებლობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ 9 ოქტომბერს ისაუბრა. როგორც მან მაშინ განმარტა, გადაწყვეტილება საზოგადოების სიმშვიდისა და ავტომოყვარულთა ინტერესების დაბალანსებას ემსახურებოდა:
"მოსახლეობა ხშირად გამოთქვამდა წუხილს ქუჩებში ჭარბი ხმაურის გამო, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით. ამის გამო მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ახლა ზღვარი არის 85 დეციბალი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, მათ შორის შესაბამის ფედერაციასთან - მათი მხრიდან ინიციატივაა 100 დეციბალზე ზღვრის გავლება.
ვფიქრობთ, გამოძებნილი იქნება სათანადო გადაწყვეტა, რაც დაბალანსებულად დააკმაყოფილებს ყველას ინტერესებს: ერთი მხრივ, ჭარბი ხმაურიც არ ვარგა, თუმცა მეორე მხრივ, არის სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესებიც, რაც ასევე გასათვალისწინებელია", - აცხადებდა ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ხმაურზე ახალი რეგულაციები 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში (23:00-დან 08:00-მდე), ხმაურის მაქსიმალურ ზღვრად 80 დეციბალი განისაზღვრა. დადგენილი წესებიდან გამონაკლისი მხოლოდ სპეციალური სტატუსის მქონე სპორტულ ავტომობილებზე ვრცელდება - ისიც მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციებზე გადაადგილებისას.
BM.GE
წყარო: bm.ge