
ბრალდებული აივანზე ტენტების მონტაჟის შეთავაზებით 24 000-მდე ლარს თაღლითურად დაეუფლა | პროკურატურა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული შპს-ს დირექტორს აივანზე ე.წ. ტენტების შეცვლა/მონტაჟის მიზნით დაუკავშირდა. ბრალდებულმა იკისრა ვალდებულება, რომ სამუშაოებს ჩამოყვანილი თურქი ხელოსნის მონაწილეობით შეასრულებდა. მხარეებმა 2025 წლის 03 სექტემბერს ელექტრონულად გააფორმეს შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულებამ 12,700 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ ბრალდებულმა დაზარალებულს ავანსის სახით შპს-ს ანგარიშზე 70% – 23,945.22 ლარი ჩაარიცხვინა, თუმცა თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და დაზარალებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ გაუწია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
BM.GE
წყარო: bm.ge