
„საწვავი ყველაფრის თვითღირებულებას ზრდის“ - გაძვირდება თუ არა პროდუქტები?
დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, საწვავის კატასტროფული გაძვირება პირდაპირ დარტყმას აყენებს ადგილობრივ წარმოებასა და მიწოდების ჯაჭვს, რაც საბოლოოდ პროდუქციის თვითღირებულების ზრდაში აისახება.
მისი შეფასებით, საერთაშორისო გადაზიდვების 20%-დან 50%-მდე გაძვირება და ადგილობრივი ლოგისტიკის ხარჯების მატება სერიოზულ პრობლემებს უქმნის როგორც იმპორტიორებს, ისე ადგილობრივ მწარმოებლებს.
ივა ჭყონიას განმარტებით, სადისტრიბუციო სექტორი პირდაპირ არის მიბმული დიზელის საწვავზე, თუმცა კომპანიები საკუთარი მოგების მარჟის ხარჯზე ჯერჯერობით ახერხებენ, რომ პროდუქტზე ფასები პროპორციულად არ გაზარდონ.
„დამერწმუნეთ, პროპორციულად, რამდენადაც საწვავმა მოახდინა ფასების ზრდა, იმდენად ბაზარზე არ არის ფასები გაზრდილი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ბიზნესის წარმომადგენელს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ როგორც დისტრიბუციის, ისე წარმოების მიმართულებით.
ლოგისტიკის წილი პროდუქტის მიხედვით 3-დან 15%-მდე მერყეობს.
ჩვენი კომპანიის მაგალითზე რომ გითხრათ, ლაგოდეხიდან პროდუქციის ჩამოტანა გვიწევს, რამაც ცალსახად გაგვიძვირა თვითღირებულება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტზე ფასი არ გაგვიზრდია“, - აცხადებს ივა ჭყონია.
მისივე თქმით, ფასების დროებით სტაბილურობას ასევე უზრუნველყოფს ლარის კურსის სიმყარე დოლარსა და ევროსთან მიმართებით, თუმცა მცირე ბიზნესისთვის ამ ტვირთის გაძლება დღითი დღე რთულდება.
ჭყონია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სოფლის მეურნეობის სექტორზეც, სადაც საწვავის გაძვირება ყველაზე მწვავედ ხვნა-თესვისა და მიწის დამუშავების პერიოდში აისახება.
„განსაკუთრებით ხაზგასასმელია სოფლის მეურნეობა. როდესაც ხვნა-თესვის პერიოდია და მიწის დამუშავება იწყება, მძიმე ტექნიკას საწვავის მოხმარება საკმაოდ მაღალი აქვს. ეს არის საკმაოდ მძიმე ტვირთი, განსაკუთრებით მცირე ზომის ფერმერებისთვის, რომლებსაც ეს ხარჯი წინასწარ გათვლილიც კი არ ჰქონდათ. ამ ფონზე ხელისუფლების მხრიდან დროებითი შეღავათის სახით აქციზის შემცირება ან ფერმერების მიზნობრივი დახმარება სექტორს მნიშვნელოვან შვებას მისცემდა,“-აღნიშნავს „საქმიან დილასთან“ საუბრისას ჭყონია.
BM.GE
წყარო: bm.ge