
სებ-მა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში ორ ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ნათია თურნავამ და ხალიდ მოჰამედ ბალამამ მოაწერეს. ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა სების პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე.
გაფორმებული მემორანდუმი მიზნად ისახავს ცენტრალურ ბანკებს შორის ფინანსური და საზედამხედველო თანამშრომლობის გაძლიერებას, ცენტრალური ბანკინგის სფეროში ინფორმაციისა და ექსპერტიზის გაცვლას, ასევე ორივე ქვეყნის საბანკო და ფინანსური სექტორების განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერას. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ფინანსური ტექნოლოგიების (FinTech) მიმართულებით ინოვაციების ხელშეწყობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, შესაძლებლობების განვითარებასა და ერთობლივი კვლევების ჩატარებას.
შეხვედრაზე ნათია თურნავამ არაბ კოლეგას საქართველოს ფინანსური და საბანკო სექტორის მიღწევები, სექტორის მდგრადობისა და ლიკვიდობის მაჩვენებლები გააცნო. მან ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის განახლებასა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) განვითარებაზე.
„ეს მემორანდუმი ქმნის საფუძველს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და ცენტრალური ბანკინგის, ზედამხედველობისა და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ექსპერტიზის გაცვლისთვის. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც იგი გვთავაზობს შესაძლებლობების განვითარებისა და საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციების გამარტივებასა და ორივე ქვეყნის საბანკო და ფინანსური სექტორების განვითარებას“, — განაცხადა ნათია თურნავამ.
თავის მხრივ, არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ხალიდ მოჰამედ ბალამამ აღნიშნა, რომ გაფორმებული დოკუმენტი ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრები ყოველწლიურად აერთიანებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ცენტრალური ბანკებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს, სადაც გლობალური ეკონომიკური ტენდენციები, ფინანსური სტაბილურობის საკითხები და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილება.
BM.GE
წყარო: bm.ge