
სემეკმა GWP ₾75 000-ით დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) 75 ათასი ლარით დააჯარიმა. სემეკის განმარტებით, კომპანია რუსთავის წყალმომარაგების სისტემების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა.
კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა 2027 წლის პირველ ივლისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სამსახურებთან შეთანხმებით, რუსთავის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობებსა და სატუმბ სადგურებზე წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების, ასევე კომპანიის კუთვნილი ელექტრომეურნეობის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
გარდა ამისა, არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სამსახურებთან შეთანხმებით, უნდა უზრუნველყოს მდინარე მტკვარზე არსებული აკვედუკი 5-ის საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან, სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაში მოყვანა.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა სამუშაოების დასრულების შემდგომ სემეკში წარადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ მომზადებული, საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან წყალმომარაგების სისტემის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
BM.GE
წყარო: bm.ge