
სექტორში საშუალო ანაზღაურება გაზრდილია და დაახლოებით 1 000 ლარიდან იწყება - ერეკლე კოკაია
სტუმარმასპინძლობის სექტორში პანდემიის შემდგომი მწვავე საკადრო კრიზისი ნელ-ნელა სტაბილურდება, თუმცა რეგიონებში დემოგრაფიული მდგომარეობის, ხოლო დიდ ქალაქებში მაღალი კონკურენციის გამო, კადრების მოძიება კვლავ გამოწვევად რჩება - ამის შესახებ Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ BMGdrive-ის ეთერში განაცხადა.
ერეკლე კოკაიას განმარტებით, კადრების მაღალი გადინება ამ დარგისთვის გლობალური მახასიათებელია და ახალ რეალობას არ წარმოადგენს. მისი თქმით, ყველაზე რთული ეტაპი პანდემიის დასრულების შემდეგ იყო, როდესაც ბაზარი ერთბაშად გააქტიურდა.
"ზოგადად, ამ ინდუსტრიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო მაღალია კადრების გადინება, ვიდრე სხვა სექტორებში, რაც სრულიად ლოგიკურია. იყო პერიოდი, კერძოდ პანდემიის დასასრულს, როდესაც უცებ უამრავი კომპანია გაიხსნა და ყველას ერთდროულად დასჭირდა თანამშრომლები. მაშინაც ვამბობდი, რომ ეს დროებითი კრიზისი იყო და ნელ-ნელა დარეგულირდებოდა. ახლაც სწორედ იმ ეტაპზე ვართ, როცა ვითარება ნაბიჯ-ნაბიჯ სტაბილურდება", - აცხადებს კოკაია.
Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ კადრების მოძიების სირთულე ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდება. კერძოდ, პრობლემა მწვავეა იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის გადინება ფიქსირდება.
"გარკვეულ ადგილებში უფრო დიდი პრობლემებია. მაგალითად, იქ, სადაც მოსახლეობა შემცირებულია და სოფლები დაცლილია, ადგილობრივების დასაქმება და თანამშრომლების მოძიება ძალიან რთულია. ხოლო ისეთ ქალაქებში, როგორიც თბილისია, მაღალი კონკურენციაა, რაც ასევე გვირთულებს პროცესს, თუმცა ვითარება მაინც გამოსწორებისკენ მიდის", - ამბობს კოკაია.
რაც შეეხება კადრების კვალიფიკაციას, კოკაია განმარტავს, რომ კომპანიებს ხშირად თავად უწევთ თანამშრომლების მომზადება და მათთვის პრაქტიკული უნარების სწავლება.
"უმეტეს შემთხვევაში, კადრების მომზადება ჩვენ გვიწევს. რა თქმა უნდა, გააჩნია პოზიციას, მაგრამ ზოგადად, ამ სექტორს უფრო მეტად დაწყებითი საფეხურის თანამშრომლები სჭირდება, რომლებსაც საბაზისო უნარები აქვთ, აინტერესებთ ეს სფერო და სურთ განვითარება. შესაბამისად, ინდუსტრიაში საშუალო ასაკიც შედარებით დაბალია. სწავლება აუცილებელია, რადგან საქმე სპეციფიკურია და პრაქტიკულ ცოდნას მოითხოვს, რომელსაც ისინი მუშაობის პროცესში იძენენ", - ამბობს Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ერეკლე კოკაიამ სექტორში არსებულ ანაზღაურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშუალო ხელფასები გაზრდილია, თუმცა დარგი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე მაინც დაბალანაზღაურებად სეგმენტში რჩება.
"საშუალო ანაზღაურება განსხვავდება როგორც სეზონურობის, ისე ადგილმდებარეობის მიხედვით, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ის გაზრდილია და დაახლოებით 1 000 ლარიდან იწყება. მიუხედავად ამისა, ეს ინდუსტრია საშუალოზე მაღალი ანაზღაურების ვერასდროს გახდება – ეს ასეა მთელ მსოფლიოში. ძალიან მდიდარ ქვეყნებშიც კი, ამ სექტორში მიგრანტი თანამშრომლების წილი მაღალია სწორედ იმის გამო, რომ საშუალო ხელფასი სხვა სფეროებთან შედარებით დაბალია.
თუმცა, ხელფასები საგრძნობლად არის გაზრდილი ისეთ ადგილებში, სადაც კადრების მოძიება განსაკუთრებით რთულია – მაგალითად, გუდაურში საშუალო ანაზღაურება უფრო მაღალია, ხოლო ქალაქებში, სადაც შედარებით ნაკლები კონკურენციაა, ხელფასი უფრო დაბალია“, - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.
BM.GE
წყარო: bm.ge