
"შეიძლება, ვიღაცას მამუკა მდინარაძე დაბალ ღობედ მოეჩვენა"|მდინარაძე ღარიბაშვილის წერილზე
მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ თანამდებობის დატოვება და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება პატიმარი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ განცხადებასათან “არაფერ შუაშია”.
ამის შესახებ მან დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პოლიტიკიდან წასვლის მთავარ მიზეზად საკუთარი სურვილი დაასახელა.
საქმე ის არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილი განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მან მამუკა მდინარაძისგან მიიღო წერილი, სადაც მისთვის უცნობ კორუფციულ საქმეზე აღიარებითი ჩვენების მიცემა შესთავაზეს.
"წერილი ირაკლი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის არ გამიგზავნია ჩემს ცხოვრებაში”, - თქვა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტის დამაზუსტებელი კითხვის პასუხად, იქვე დასძინა, რომ არც სხვისი პირით შეუთვლია რამე ირაკლი ღარიბაშვილისთვის.
“მსგავსი საკითხებით არასდროს ვყოფილვარ დაინტერესებული. წერილი ჩემს ცხოვრებაში არასდროს არავისთვის გამიგზავნია”, - ირწმუნება მამუკა მდინარაძე.
“რატომ საუბრობს ღარიბაშვილი თქვენზე?” - “tv პირველის” ჟურნალისტმა მამუკა მდინარაძეს ამ შინაარსის კითხვა რამდენჯერმე დაუსვა.
“არ ვიცი. შემიძლია ვივარაუდო, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც ერთი წამით უკან არ დახეულა კორუფციასთან ბრძოლაში და თუკი ვინმე განაწყენებულია იმაზე, რომ სუსი აკავებდა ადამიანს კორუფციისთვის, როცა მამუკა მდინარაძე იყო სუსის უფროსი, შეიძლება ამასაც მივაწეროთ, მაგრამ მე ამაშიც არ ვარ დარწმუნებული… შეიძლება, ვიღაცას მამუკა მდინარაძე დაბალ ღობედ მოეჩვენა მას შემდეგ, რაც იმ თანამდებობაზე [სუსის უფროსი] აღარ იყო. აწი შეიძლება უარესიც თქვან და ა.შ.”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და იქვე დასძინა, რომ რეგიონების მენეჯერობას სხვაც გაართმევს თავს.
ცნობისთვის: მამუკა მდინარაძემ ბოლო ერთ წელიწადში სამი თანამდებობა გამოიცვალა - იყო სუს-ის უფროსი, შემდეგ - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. დაახლოებით, ერთი თვეა, რაც რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებს და სექტემბრიდან კი, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე უნდა ემუშავა.
“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მე ჩემი გავაკეთე… და რეგიონებში მენეჯერი სხვაც მოიძებნება. იმ თანამდებობაზე სხვაც გაართმევს თავს… სადაც საჭირო ვიყავი, ყოველთვის იქ ვიყავი”, - თქვა მან.
“ხომ არ ფიქრობთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ წერილებით პრობლემა შეუქმენით პარტიას და აჯობეთ გაცლა?” - "tv პირველის" ჟურნალისტის ამ კითხვასაც მამუკა მდინარაძემ უარყოფითი პასუხი გასცა.
- არა. არაფერ შუაშია საერთოდ.
- გუშინ ირაკლი კობახიძეს ესაუბრეთ. დღეს ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს ერთად. შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, რა იყო ივანიშვილის პოზიცია?
- იყო პოზიცია, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა… მაგრამ ბოლოს გაიგეს ჩემი გადაწყვეტილება და ასე დავშორდით ერთმანეთს.
BM.GE
წყარო: bm.ge