
Shell-მა კანადური ენერგეტიკული კომპანია ARC-ი $16.4 მილიარდად შეიძინა
ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა Shell-მა კანადური კომპანია ARC Resources Ltd-ის შესყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა. გარიგების საერთო ღირებულება, ვალისა და საიჯარო ვალდებულებების ჩათვლით, $16.4 მილიარდს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ აქციების ფასი გარიგების ფარგლებში $13.6 მილიარდად შეფასდა. შეთანხმების ფარგლებში, კომპანიის წარმოების მოცულობა 2030 წლამდე ყოველწლიურად 4%-ით გაიზრდება. როგორც ირკვევა, Shell-ის ხელმძღვანელობა ამ ნაბიჯით კანადაში საკუთარი პოზიციების გაძლიერებასა და დაბალნახშირბადიანი რესურსების ათვისებას გეგმავს.
შეთანხმების შედეგად Shell-ი კანადის მონტნის აუზში თხევადი ნახშირწყალბადებისა და ფიქლის გაზის მოპოვების აქტივებზე წვდომას მიიღებს. კომპანიის წარმოება დაუყოვნებლივ დღეში 370 ათასი ბარელი ნავთობის ეკვივალენტით გაიზრდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ARC-ის მფლობელობაში არსებული 1.5 მილიონი ჰექტარი მიწა Shell-ის საკუთრებაში გადავა, რაც მის რესურსებს მნიშვნელოვნად შეავსებს. ამჟამინდელი ინფორმაციით, ეს გარიგებით წარმოების დღიური მაჩვენებელი 1.4 მილიონ ბარელზე შენარჩუნდება, მომდევნო წლებში კი მკვეთრად გაიზდება.
გარიგების პირობების თანახმად, ARC-ის აქციონერები თითოეულ აქციაზე $8.20 კანადურ დოლარსა ($5.98) და Shell-ის 0.40247 ჩვეულებრივ აქციას მიიღებენ. ეს მაჩვენებელი კომპანიის საბაზრო ღირებულებაზე 20%-ით მაღალია. როგორც ირკვევა, შესყიდვის ფინანსური მხარე $3.4 მილიარდი ნაღდი ფულითა და $10.2 მილიარდის ღირებულების აქციებით დაიფარება. პარალელურად, Shell-ი ARC-ის $2.8 მილიარდის მოცულობის დავალიანებასაც გადაიბარებს. პროცესი საბოლოოდ 2026 წლის მეორე ნახევარში დასრულდება, რასაც აქციონერებისა და მარეგულირებელი ორგანოების თანხმობა დასჭირდება.
Shell-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვაელ სავანმა განაცხადა, რომ ARC-ი მაღალი ხარისხისა და დაბალი თვითღირებულების მქონე მწარმოებელი კომპანიაა. მისი თქმით, ეს შესყიდვა კანადას კომპანიის სტრატეგიულ ცენტრად აქცევს. თავის მხრივ, ARC-ის ხელმძღვანელმა, ტერი ანდერსონმა აღნიშნა, რომ გაერთიანება აქციონერებისთვის ფინანსური სარგებლის მიღების საუკეთესო შესაძლებლობა იქნება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ შეთანხმებას მხარი ერთხმად დაუჭირა.