
შესყიდვების კანონის ამოქმედება, რომელსაც შესყიდვების სისტემა EU-სთან უნდა დაეახლოვებინა, ამჯერად 2030 წლამდე გადავადდა
საქართველოს პარლამენტი საჯარო შესყიდვების სფეროში დაგეგმილი კარდინალური და მასშტაბური რეფორმის ამოქმედებას უკვე მეორედ გადაავადებს. საკანონმდებლო ორგანომ დღეს დაჩქარებული წესით 77 მომხრე 0 წინააღმდეგი მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს. შესაბამისად, საჯარო შესყიდვების კანონი ნაცვლად 2027 წლის 1 იანვრისა, ძალაში 2030 წლის 1 იანვრიდან შევა. ამ კანონმდებლობის მიზანს საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის ევროკავშირის ნორმებთან დაახლოება წარმოადგენდა.
ეს არის საჯარო შესყიდვების ახალი სამართლებრივი ჩარჩოს ამოქმედების გადავადების უკვე მეორე შემთხვევა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა აღნიშნული კანონი ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში დაამტკიცა და იგი თავდაპირველად 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, პირველი გადავადება 2024 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც თარიღმა 2027 წლის 1 იანვრამდე გადაიწია. მაშინ მიზეზად ევროსტრუქტურების მიერ წარმოდგენილი ასამდე შენიშვნა დასახელდა, რომელთა ანალიზის საფუძველზეც აუცილებელი გახდა კანონის არსებითად გადამუშავება, მათ შორის კომუნალური, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების ახალი რეგულაციების ასახვა.
ახალი, რიგით მეორე გადავადების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია რომ თავად ევროკავშირში მიმდინარეობს საჯარო შესყიდვების ნორმების ცვლილება, რადგან ევროკომისიამ მიიღო ახალი სტრატეგია ("Single Market Strategy"), რომლის მიზანიცაა საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი ევროპული დირექტივების გადახედვა, გამარტივება და არასაჭირო ადმინისტრაციული ბარიერების თუ ფრაგმენტაციის თავიდან არიდება, ხოლო კანონი, რომლის მიღებაც მოხდა 2014 წლის ევროდირექტივების საფუძველზე იყო მომზადებული.
მთავრობა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ, რაც გამოწვეულია იმით, რომ მოქმედი კანონმდებლობით, შემსყიდველ ორგანიზაციებს 2027 წლის შესყიდვების წლიური გეგმები ახალი წესების მიხედვით უკვე 2026 წლის ნოემბრამდე უნდა წარედგინათ.