
შიდა განვადებები ამ ეტაპზე ფინანსური სტაბილურობისთვის რისკი არაა, თუმცა მომხმარებლები ყურადღებით უნდა იყვნენ - სებ-ი
დეველოპერული კომპანიების შიდა განვადებები ამ ეტაპზე ფინანსური სტაბილურობისთვის სისტემური რისკი არაა - ამის შესახებ ეროვნულ ბანკში აცხადებენ.
როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მიუხედავად ამისა, მომხმარებლებმა დეველოპერული კომპანიების შერჩევისას და მსგავსი პროდუქტებით სარგებლობისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
დავით უტიაშვილი ამბობს, რომ შიდა განვადებების მზარდი პრაქტიკიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა გასულ პერიოდში იპოთეკური დაკრედიტების წესები შეარბილა, თუმცა დეველოპერული კომპანიების მოქნილი გადახდის სქემების ფონზე, ბევრ მომხმარებელს მაინც შიდა განვადების პროდუქტით სარგებლობა ურჩევნია.
“უძრავი ქონების ბაზარზე შიდა განვადებები ქართული ინოვაცია არ არის, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ვნახავთ იგივე პრაქტიკას. ჩვენ მაინც ვრჩებით ჩვენი მანდატის ფარგლებში, რომელიც არის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. იმ დეველოპერულ პროექტებში, რომლებსაც შიდა განვადებებიც აქვს, მაგრამ ბანკისგანაც აქვს სესხი აღებული, ამ შემთხვევაში გვაქვს დეველოპერების დაკრედიტების მითითებები, რომელიც ჯანსაღ პრაქტიკას უზრუნველყოფს. ანუ იქ, სადაც ბანკია ჩართული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროექტები არის სრულად ჯანსაღი და რისკები არის ძალიან დაბალი, ანუ საბანკო სექტორი არის ამ რისკებისგან დიდწილად დაცული და პირდაპირ ფინანსურ სტაბილურობას აქედან საფრთხე არ უდგას.
საფრთხე სად შეიძლება შეიქმნას, ეს არის ცალკეული მომხმარებელი, რომელმაც შესაძლოა, არც ისე ჯანსაღ დეველოპერთან შეიძინა ბინა და აკეთებს შიდა განვადებას და ამან შეუქმნას პრობლემა. მაინც ეს უფრო მომხმარებლების დაცვის რისკია. ამიტომ ჩვენ გასულ წელს იპოთეკური სესხების მიმართულებით გარკვეული რეგულაციები შევარბილეთ, რომ როგორმე გვებიძგა ხალხისთვის, გადმოსულიყვნენ ფორმალურ საბანკო სექტორში და აქ აეღოთ სესხი. თუმცა ჩვენ პრაქტიკას ვხედავთ, რომელიც შეიძლება ხშირ შემთხვევაში ძალიან ეგზოტიკურია, მაგალითად, 10-წლიანი უპროცენტო შიდა განვადება. როდესაც მომხმარებელს ამას სთავაზობს დეველოპერი, მისთვის ძალიან ძნელია რამენაირად ბანკში ნახოს ალტერნატივა, სადაც საპროცენტო განაკვეთი შეიძლება 12% იყოს. ამიტომ გვესმის ეს რატომ ხდება, თუმცა ამ წუთას ვერ ვხედავთ, რომ ეს არის რაიმე სისტემური რისკი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მანდატის ფარგლებში რაიმე ჩარევის საჭიროებას ამ წუთას ვერ ვხედავთ, თუმცა მოვუწოდებთ მომხმარებლებს, რომ იყვნენ ყურადღებით, ფრთხილად შეარჩიონ ის დეველოპერები, რომლებსაც ხედავენ, რომ აქვთ კარგი გამოცდილება, აქვთ ჯანსაღი მაჩვენებლები და მომხმარებელმა ასე ინფორმირებულად მიიღოს გადაწყვეტილება”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.