
"შთაბეჭდილება მრჩება, რომ კანონი ჯარიმებისთვის მიიღეს" - გიდი სავალდებულო სერტიფიცირებაზე
"შთაბეჭდილება მრჩება, რომ კანონი მიიღეს ჯარიმებისთვის", - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში ქალების ნარატივი სერტიფიცირებულმა გიდმა, ქეთი უგლავამ ისაუბრა. მისი თქმით, გიდების სერტიფიცირების მიმართულებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში უფრო სადამსჯელო მექანიზმად აღიქმება, ვიდრე პროფესიის განვითარების ინსტრუმენტად.
უგლავამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სერტიფიცირების პროცესი და მისი ადმინისტრირება ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამართული, რაც ბაზარზე გაურკვევლობას ქმნის. მისი შეფასებით, რეგისტრაციისა და აღსრულების ნაწილში არსებული ხარვეზები პირდაპირ აისახება პროფესიულ გარემოზეც.
"შთაბეჭდილება მრჩება, რომ კანონი მიიღეს ჯარიმებისთვის და არა იმისთვის, რომ რეალურად კერძო სექტორმა ისარგებლოს. რადგანაც აღსრულების ვადებმა გადაიწია, იმედი მაქვს, რომ ამ კანონს გადახედავენ და შემსუბუქდება ან გამონაკლისების დაშვება მოხდება. მე არ ვამბობ, რომ უცხოელმა გიდებმა თავი იგრძნონ აქ ისე, როგორც საკუთარ სახლში, უბრალოდ არიან უცხოელი გიდები, რომლებსაც 20-25 წლის გამოცდილება აქვთ, ძალიან კარგად იციან საქართველოს შესახებ და ფაქტობრივად, არ სჭირდებათ ჩემი შეხსენება ამათუ იმ ლოკაციაზე, თუკი რაიმე ახალი არ აშენდა, რაიმე ახალი არ გაიხსნა", - განაცხადა ქეთი უგლავამ.
მისი თქმით, სერტიფიცირების სისტემა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ის არ არის საკმარისი, თუ მას არ ახლავს ბაზრის წინასწარი ანალიზი და პროფესიული გადამზადება. უგლავას შეფასებით, სწორედ ამ ეტაპების გამოტოვება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ახალი წესები სრულად ვერ მუშაობს.
„უნდა გაკეთებულიყო ბაზრის კვლევა… შედგენილიყო რა რაოდენობის გიდი გვყავს რეგისტრირებული ქვეყანაში, რომელენოვანი გიდები, რომელ ბაზარზე გვაქვს გიდების ნაკლებობა, ანუ რომელ ენოვან ბაზარზე. გიდები შესაბამისი მოთხოვნის შესაბამისად უნდა გადამზადებულიყვნენ, ანუ თუ ჩინურენოვანი, თურქულენოვანი ან ებრაულენოვანი გიდი სულ 3-5 გვყავს, ამ კუთხით უნდა მომხდარიყო გიდების გადამზადება და ამის შემდეგ უნდა მიგვეღო ეს კანონი მთელი თავისი სიმკაცრით“, - აღნიშნა მან.
სერტიფიცირებული გიდის განცხადებით, დღევანდელი ვითარება ხშირად იწვევს იმას, რომ გიდების ნაწილი რეალურად ვერ ახორციელებს გიდის სრულფასოვან საქმიანობას და უფრო საორგანიზაციო ფუნქციებზე გადადის, რაც პროფესიის შინაარსაც ცვლის. ამასთან, უგლავამ ხაზი გაუსვა, რომ ბაზარზე ენების მიხედვით არათანაბარი მოთხოვნა და კადრების დეფიციტი სერტიფიცირების ეფექტიანობას კიდევ უფრო ამცირებს.
„არის ისეთი ენები, რომლებიც საკმაოდ იშვიათია და მზარდი მოთხოვნაა ამ ენებზე“, - აღნიშნა მან და დაამატა, რომ ასეთ პირობებში საჭირო ხდება უფრო მოქნილი და რეალობაზე მორგებული მიდგომა.
უგლავას შეფასებით, სერტიფიცირების სისტემის გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ის დაეფუძნება როგორც ბაზრის რეალურ მონაცემებს, ისე გრძელვადიან დაგეგმვას.
ინტერვიუს დასასრულს მან იმედი გამოთქვა, რომ არსებული მოდელი გადაიხედება და უფრო დაბალანსებული სისტემა ჩამოყალიბდება, რომელიც ერთდროულად დაიცავს ადგილობრივ პროფესიონალებს და ტურისტული სექტორის საჭიროებებს.
ცნობისთვის, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციის მქონე, სერტიფიცირებული ფიზიკური პირი. ამასთან, მის სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო. რაც შეეხება სანქციების ნაწილს, მათ ვისაც ავტორიზაციის მქონე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სერტიფიკატი არ ექნებათ, დაჯარიმდებიან 1 000 ლარის ოდენობით; ხოლო პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის არქონა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
BM.GE
წყარო: bm.ge