
"შუა დერეფანი" ტარიფებით და ბიუროკრატიული პროცედურებით არცთუ ისე კონკურენტუნარიანია - სალომე დანელია
ეკონომიკის დოქტორის და Hegelmann Georgia-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერის განცხადებით, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის მთავარი გამოწვევები ინფრასტრუქტურა და ბიუროკრატიული პროცედურებია.
როგორც სალომე დანელიამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, “შუა დერეფანი” ალტერნატიულ გზებთან შედარებით მომსახურების ღირებულებითაც ნაკლებად კონკურენტუნარიანია.
მისივე თქმით, დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად აუცილებელია მონაწილე ქვეყნებს შორის ტარიფების და რეგულაციების მიმართულებით შეთანხმება
”უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენ შუა დერეფანში ვხედავთ ინფრასტრუქტურაა. თუმცა ინფრასტრუქტურის განვითარებაში ნელ-ნელა ინვესტიციები ხორციელდება როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ასევე ჩინეთიდან. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება დროში გახანგრძლივებული პროცესია, შედეგი მყისიერად ვერ მოხდება. დროთა განმავლობაში, თუკი ის ინვესტიციები განხორციელდება, რაც დაგეგმილია, ცხადია, მოლოდინი არის იმის, რომ დროის გარკვეულ პერიოდში შუა დერეფანი ამ მიმართულებით გაიმართება.
თუმცა ინფრასტრუქტურასთან ერთად არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ძირითადი გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია რეგულაციებთან, ტარიფის გამჭვირვალობასთან. აქ არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის ჩართულობა საკმარისი. ეს არის მიწოდების ჯაჭვი, რომელშიც ჩართულია შუა დერეფნის მონაწილე ყველა ქვეყანა და სახელმწიფო რეგულაციების გამჭვირვალობა და ერთმანეთთან მიახლოება ძალიან რთულ პროცედურას წარმოადგენს. მაგალითად, ცენტრალურ აზიასთან თანამშრომლობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად გაუმჯობესდეს გამჭოლი ტარიფების და რეგულაციების ნაწილი, თუ გვინდა, რომ შუა დერეფანმა ეფექტიანად იმუშაოს შეფერხების გარეშე. იმიტომ, რომ შუა დერეფანს კონკურენტები ჰყავს.
ჩვენ ვაპელირებთ იმაზე, რომ ეს არის უფრო სწრაფი გზა, თუმცა არცთუ ისე კონკურენტუნარიანი თავისი მომსახურების ღირებულებით და ბიუროკრატიული პროცედურებით. აქედან გამომდინარე, საქართველოს გადადგმული აქვს ის ნაბიჯი, რომ რეგულაციებისა და საბაჟო პროცედურების მიმართულებით ნამდვილად კონკურენტულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, თუმცა მხოლოდ ჩვენი მიმართულების გაუმჯობესება საკმარისი არ არის, როდესაც საუბარია კომპლექსურ ოპერაციაზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ჩართულობაცაა”, - განაცხადა სალომე დანელიამ.
BM.GE
წყარო: bm.ge