
შუა დერეფნის პერსპექტივას გაცილებით იმედიანად ვუყურებთ, ვიდრე 2 წლის წინ - ირაკლი ნემსაძე
სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ნემსაძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით დადებითი ტენდენციებია.
როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, აქ სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: გლობალური ტვირთმფლობელების ნდობის ზრდა, საქართველოს მთავრობის წარმატებული მუშაობა მეზობელ ქვეყნებთან და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ კვოტირებული ნებართვების საკითხის გაუმჯობესება.
"ნამდვილად დადებითი ძვრები გვაქვს და ტენდენციები ბოლო თვეებია და შეიძლება ვთქვათ მიმდინარე წელი შუა დერეფნის მიმართულებით, ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით. ამაში ალბათ სამ მთავარ ფაქტორს გამოვყოფ, პირველი - გლობალური ტვირთმფლობელები თანდათან დარწმუნდნენ ამ მიმართულების საიმედოობასა და საინტერესოობაში და ახლა იზრდება ეს ნდობა თანდათან. პროცესი უკვე გადადის დეტალების დამუშავებაში, ანუ იმ სირთულეებისა და წინააღმდეგობების აღმოფხვრაში, რაც ამ დერეფანს აქვს. ზოგადად, დერეფნის მთავარი უპირატესობა არის პოლიტიკური საიმედოობა - ამ დერეფანში მონაწილე ქვეყნების მზაობა, რომ თითოეული მათგანი ჩაერთოს, რაც საჭიროა ამ დერეფნის გამართული მუშაობისთვის.
ასევე, დადებითი გავლენა იქონია საქართველოს ხელისუფლების წარმატებულმა მუშაობამ მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც ამ დერეფნის შემადგენელი ჯაჭვები არიან. პოლიტიკური ნება და ინტერესთა თავსებადობა ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ უკეთესობისკენ მიიწევს. ჯერ, რა თქმა უნდა, არ ვართ საბოლოო მიზანთან, მაგრამ ტენდენცია დადებითია, რაც წაახალისებს ტვირთების გადაზიდვას.
ქართველი სახმელეთო გადამზიდავებისთვის პოზიტიური მოვლენაა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული დიდი სამუშაო, რაც გულისხმობს კვოტირებული ნებართვების საკითხის გაუმჯობესებას. ციფრული ნებართვების შემოტანა მეზობელ ქვეყნებთან, რაც ამარტივებს და აჩქარებს პროცესს; მეზობელ ქვეყნებთან კვოტების გაზრდაზე წარმატებული მოლაპარაკებები (რიგ ქვეყნებთან უკვე გაგვეზარდა კვოტები და კიდევ იგეგმება ზრდა), ქვეყნის შიგნით ნებართვების განაწილების გამჭვირვალობა, სამართლიანობა და ეფექტურობა. ასე რომ, ამ ფაქტორებმა დადებითი როლი შეასრულა და ამ ეტაპზე შუა დერეფნის პერსპექტივას გაცილებით იმედიანად ვუყურებთ, ვიდრე, მაგალითად, ორი წლის წინ",- აღნიშნა მან.
კითხვაზე გამოწვევებთან დაკავშირებით, ირაკლი ნემსაძემ დაასახელა ინფრასტრუქტურული შეზღუდვები, ასევე ბიუროკრატიული და კორუფციული ბარიერები მეზობელ ქვეყნებში.
"გავაკეთოთ დაშვება, რომ ტვირთი არსებობს. ამის შემდეგ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ გადამზიდავები. ეს არის, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული დაბრკოლებები. როდესაც გაქვს საბაჟო საწყობები ან უბრალოდ კერძო საწყობები, სადაც გაცილებით მეტი ტვირთის მიღება, დამუშავება და შემდგომი დივერსიფიკაცია/გადანაწილება არის შესაძლებელი, ეს გაცილებით მიმზიდველს ხდის ჩვენს ტერიტორიას და შესაბამისად ქართველი გადამზიდავების მონაწილეობას ამ პროცესში ზრდის.
ასევე, სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობის ზრდა უდავოდ საჭირო ცვლილება არის. ამ მიმართულებით ჯერ არა ვართ იმ ნიშნულზე, თუმცა აქ მხოლოდ საქართველოს ფაქტორი არ არის, მოგეხსენებათ მეზობელი ქვეყნების როლიც გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე არსებული ბიუროკრატიული დაბრკოლებები და კორუფციული, ასე ვთქვათ, ელემენტები საკმაოდ დიდ დაბრკოლებად და წინააღმდეგობად იქცევა ქართველი გადამზიდავებისთვის. მაგალითად, ახლა საქართველოდან შუა აზიის მიმართულებით და უკან შემდეგ ჩინეთიდან/სხვა რეგიონის მიმართულებით, ამ გადაზიდვის პროცესში საკმაოდ დიდი დაყოვნება არის. ეს არის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ჩინეთის საზღვარზე რიგებში და ყველა ამ ბარიერის გადალახვა იმდენად დიდ ფინანსურ ტვირთად აწვება თავად გადაზიდვას, რომ ეს ბარიერები რომ მოგვარდეს, სადღაც 20%-ით შესაძლებელია მინიმუმ ფასების შემცირება, რაც ძალიან დიდი სტიმული იქნებოდა ტვირთმფლობელებისთვის და მე ვფიქრობ, რომ ტვირთბრუნვა სოლიდურად გაიზრდებოდა.
ნებართვების ნაწილზე მოგახსენეთ, რომ ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს და იმედია ეს გაგრძელდება და მომავალში მესამე ქვეყნის კვოტირებული ნებართვები საერთოდ აღარ იქცევა იმ ძირითად დაბრკოლებად, რაც ქართველ გადამზიდავებს ჰქონდათ, ამისი იმედი გვაქვს",- განაცხადა სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
BM.GE
წყარო: bm.ge