
"სიცივეში ვდგავართ და მანქანებს ხელს ვუქნევთ" - გუდაურში დასაქმებული დუშეთელები ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ
გუდაურში დასაქმებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლები მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ.
როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეებმა დუშეთის მერს, კახაბერ ჩიტაურს, ასევე „გუდაურის ბიზნესასოციაციასა“ და მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ლევან დარსალიას მიმართეს.
„მოგმართავთ დიდი თხოვნით, გამოგვიყოთ ტრანსპორტი, რომელიც მოგვემსახურება გუდაურში დასაქმებულებს, რათა აღარ მოგვიწიოს ქუჩაში საათობით დგომა და ტრასაზე მოძრავი ყველა ავტომობილის მძღოლისთვის ხვეწნა… იმედს ვიტოვებთ, დაგვეხმარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს 30-ზე მეტი მოქალაქე აწერს.
დუშეთის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ და გუდაურის სასტუმროებსა თუ კვების ობიექტებზე დასაქმებულ რამდენიმე მოქალაქეს BMG-ც ესაუბრა. ყველა მათგანს ერთი მოთხოვნა აქვს: დაინიშნოს ტრანსპორტი, რომელიც კურორტზე დასაქმებულებსა და ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება.
ტატიანა ვეშაგური: „ვცხოვრობ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანცურთკარში და ვმუშაობ გუდაურში. სეზონზე ყოველდღე მიწევს სიარული და ეს ძალიან რთულია. ეს პრობლემა მხოლოდ მე არ მეხება - ყველას ძალიან უჭირს, განსაკუთრებით კი ქალებს. ამხელა გზაზე, სიცივესა და წვიმაში ვდგავართ და გამვლელ მანქანებს ხელს ვუქნევთ, რომ იქნებ ვინმემ სამსახურამდე მიგვიყვანოს. ამის გამო ბევრ დროს ვკარგავ და სამსახურში დროულად მისვლას ვერ ვახერხებ. სეზონზე კიდევ უფრო მიჭირს, რადგან დილითაც ვაგვიანებ და სახლშიც გვიან ვბრუნდები. აქ დასაქმებული ადამიანები მართლა მძიმე დღეში ვართ - უკვე წლებია, ტრანსპორტი არ დადის.
როგორც ჩემი, ისე გუდაურში დასაქმებული თითოეული ადამიანის სახელით უმორჩილესად გთხოვთ, რამენაირად დაგვეხმაროთ და დაგვინიშნოთ ტრანსპორტი ფასანაურიდან გუდაურამდე, რომელიც განრიგით ივლის - დროულად წაგვიყვანს სამსახურში და საღამოს სახლში დაგვაბრუნებს. ყველას ოჯახი გვყავს მისახედი, სოფელში კი, სამსახურის გარდა, საქონელსაც სჭირდება მოვლა, რის გამოც ოჯახშიც ბევრი პრობლემა გვექმნება. მადლობელი ვიქნებით, თუ ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებთ“.
ნათია ბურდული: „ვცხოვრობ სოფელ არაგვისპირში და ტრანსპორტის პრობლემა გვაწუხებს. ძალიან ბევრ ქალს, ვინც გუდაურში ვმუშაობთ, გვიწევს საათობით დგომა გზაზე, რადგან კურორტამდე ტრანსპორტი არ მოძრაობს; ამის გამო სამსახურებში გვაგვიანდება. გვინდა, დაინიშნოს ტრანსპორტი, რომ თავისუფლად ვიაროთ სამსახურში“.
მარინა კიკალიშვილი: „ვმუშაობ გუდაურში და ძალიან დიდი პრობლემები გვექმნება ზამთარში, როდესაც სამსახურებში მივდივართ - არ არის ტრანსპორტი. სიცივეში ვდგავართ გზებზე და გამვლელ მანქანებს ვუქნევთ ხელს. რამდენჯერმე დავწერეთ განცხადება, ხელმოწერებიც შევაგროვეთ, რათა ტრანსპორტი დაინიშნოს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. გუდაურში დასაქმებული მთიული ხალხი კიდევ ერთხელ ვითხოვთ, იქნებ მოგვხედოთ და ყურად იღოთ ჩვენი თხოვნა - რამენაირად დაგვინიშნოთ ერთი ტრანსპორტი, რომელიც მოგვემსახურება ფასანაურიდან გუდაურამდე და საღამოს ისევ სახლებში ჩაგვიყვანს“.
აპირებს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება გუდაურში დასაქმებული მოსახლეობის სატრანსპორტო პრობლემის მოგვარებას - ამ კითხვით BMG დუშეთის მერ კახა ჩიტაურს დაუკავშირდება. ასევე, პრობლემის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით რეგიონული განვითარების ყოფილ მინისტრ კახა გულედანს, რომელიც სამინისტროს გაუქმების შემდეგ მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
BM.GE
წყარო: bm.ge