
SK Hynix-ის აქციების ფასი რეკორდულად, 15.4%-ით შემცირდა - რამ გამოიწვია კლება?
დღეს დილით, სეულის საფონდო ბირჟაზე კომპანია SK Hynix-ის აქციების ფასი რეკორდულად, 15.4%-ით შემცირდა. არსებული ინფორმაციით, ფასის მკვეთრი კლება ამერიკულ საფონდო ბირჟა Nasdaq-ზე კომპანიის ფასიანი ქაღალდების წარმატებულ დებიუტს მოჰყვა.
როგორც ირკვევა, კორეულ ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების მიწოდების ზრდამ და ინვესტორების მხრიდან მოგების აქტიურმა ფიქსაციამ ადგილობრივ ბაზარზე ფასის კორექცია გამოიწვია. საფინანსო პლატფორმა LSEG-ის მონაცემებით, ეს კომპანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დღიური ვარდნაა.
საყურადღებო ფაქტია, რომ საფინანსო სექტორის ანალიტიკოსები აქციების ფასის კლებას დროებით და ნაკლებად პრობლემურ მოვლენად მიიჩნევენ. კომპანია Yuanta Securities-ის გლობალური სტრატეგი, დენიელ იუ ბაზარზე არსებულ ვითარებას დროებით კორექციად უწოდებს. მისი შეფასებით, მიმდინარე ვარდნა ამერიკულ და კორეულ ბირჟებზე აქციების ღირებულებას შორის შექმნილმა 20%-იანმა სხვაობამ განაპირობა. სტრატეგმა მაგალითად მოიყვანა კომპანია TSMC-ის შემთხვევა, რომლის ამერიკული ფასიანი ქაღალდებიც ადგილობრივ აქციებთან შედარებით 13-14%-იანი პრემიუმით ივაჭრება. დენიელ იუ გამოთქვამს ვარაუდს, რომ უახლოესი 6-12 თვის განმავლობაში SK Hynix-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულება პოზიტიურ დინამიკას დაუბრუნდება.
კიდევ ერთი ანალიტიკოსი, საინვესტიციო კომპანია Rayliant Global Advisors-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, ფილიპ ვული მიიჩნევს, რომ აზიური ტექნოლოგიური კომპანიების აქციების კლება პორტფელების რებალანსირებითაა გამოწვეული. მისი განმარტებით, ინვესტორებმა ჩიპების მწარმოებელ ბაზარზე დააგროვეს დიდი მოცულობის პოზიციები, რამაც რისკების მართვის მიზნით აქტივების ნაწილობრივი რეალიზაცია აუცილებელი გახადა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანია SK Hynix-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულება რეკორდულად გაიზარდა. ეს შედეგი კი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ჩიპებზე გლობალური მოთხოვნის მკვეთრმა მატებამ განაპირობა.
BM.GE
წყარო: bm.ge