
სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები 2028-2029 სასწავლო წლამდე ეტაპობრივად დაინერგება - კანონპროექტი
საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის თანახმად, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა და სასწავლო პროცესში დანერგვა 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე, ეტაპობრივად განხორციელდება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მიზანია დაზუსტდეს, რომ ყველა კლასის ყველა სახელმძღვანელოს საბოლოო ჩანაცვლებამდე, სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა, პარალელურად გამოიყენონ რეფორმის დაწყებამდე მოქმედი გრიფირებული ან ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ძველი წიგნებიც, რომლებიც სამინისტროსთან იქნება შეთანხმებული.
ცვლილებების აუცილებლობა მიმდინარე წლის 5 თებერვალს მიღებულმა იმ საკანონმდებლო ნორმამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, სკოლებს 2028 წლის 1 სექტემბრიდან ვალდებულებად განესაზღვრათ, სასწავლო საქმიანობა მხოლოდ სამინისტროს მიერ შექმნილი ან მასთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით განეხორციელებინათ.
ვინაიდან ახალი სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა და შექმნა დროში გაწერილი პროცესია, მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია, ჩანაცვლება მოხდეს არა ერთბაშად, არამედ საფეხურებრივად, 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე. სამინისტროსთან ძველი სახელმძღვანელოების შეთანხმების წესსა და ვადებს განათლების მინისტრი ინდივიდუალური აქტით დაადგენს.
„სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა გულისხმობს სამინისტროს მხრიდან მათ შემუშავებას იმ პრინციპით, რომ სახელმძღვანელო უზრუნველყოფდეს ცოდნის გაღრმავებას, სისტემურ აზროვნებასა და ეროვნული და მოქალაქეობრივი ღირებულებების გააზრებას. გარდა ამისა, სახელმძღვანელო იქნება მუდმივად განახლებადი და მოქნილი“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ავტორების განცხადებით, ახალი საგანმანათლებლო რესურსებით სწავლება დადებით გავლენას იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე და ხელს შეუწყობს ხარისხიანი განათლების მიღებას.
დოკუმენტის მიხედვით, 2026-2027 და 2027-2028 სასწავლო წლებში ახალი წიგნების ეტაპობრივი დანერგვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფას არ გამოიწვევს, ვინაიდან სახელმძღვანელოების შესაქმნელი ფინანსები სამინისტროს ისედაც გათვალისწინებული ჰქონდა 2026 წლის ბიუჯეტსა და საშუალოვადიან დოკუმენტებში.
საკანონმდებლო ორგანოში პროექტის განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება. ინიციატორების განმარტებით, მნიშვნელოვანია კანონი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე იქნეს მიღებული, რათა სამინისტრომ და სკოლებმა შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების დროულად განხორციელება უზრუნველყონ. კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.
BM.GE
წყარო: bm.ge