
სკოლის ფორმებისთვის ₾45 მილიონის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
სკოლის ფორმებთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს კომპანია "საგანმანათლებლო რესურსები" 44.9 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს, რომლითაც 1 801 000 ერთეული ფორმა უნდა შეიკეროს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ თანხით საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს სასკოლო ფორმების შესყიდვა უნდა მოხდეს.
მიმდინარე წლის თებერვალში მიღებული კანონით, 2026–2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.
სასკოლო ფორმების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე.
"პროცესი მოითხოვს დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას, რათა მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა განსაზღვრულ ვადებში შეიძინონ ფორმები. შესაბამისად, ღონისძიება უნდა განხორციელდეს შეზღუდულ ვადაში.
,,ზოგადი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა 2026 წლის 05 თებერვალს, რის შემდგომაც, დარგის სპეციალისტებთან ერთად დაიწყო მუშაობა სასკოლო ფორმის დიზაინის შექმნაზე, ქსოვილის პარამეტრების განსაზღვრაზე და რაოდენობრივი პარამეტრების დადგენაზე.
ამასთან, შპს ,,საგანმანათლებლო რესურსებმა'' სასკოლო ფორმების შესყიდვისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებაზე დავალება მიიღო 2026 წლის 01 აპრილს. შესაბამისად, შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი", - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის მიწოდების ვადა განსაზღვრულია ორ ეტაპად: I ეტაპი საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდება არაუგვიანეს 31 ივლისისა, II ეტაპი ეტაპი საქონლის დარჩენილი რაოდენობა არაუგვიანეს 20 აგვისტოს ჩათვლით.
"2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესაკერი ერთეულების რაოდენობა ჯამში შეადგენს 1 801 000 ცალს;სავარაუდო ღირებულების დასადგენად, 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა ბაზრის კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებით, შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა 44 900 000 ლარით", - აცხადებს "საგანმანათლებლო რესურსები".