
SOCAR-მა და Kazmunaygas-მა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების ზრდა განიხილეს
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და ყაზახურმა „ყაზმუნაიგაზმა“ (KMG) აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით ტრანსპორტირებული ყაზახური ნავთობის მოცულობის გაზრდის საკითხი განიხილეს. ამასთან დაკავშირებით Report-ი SOCAR-ზე დაყრდნობით იუწყება.
ინფორმაციის თანახმად, 3 ნოემბერს კომპანიის პრეზიდენტი როვშან ნაჯაფი „ყაზმუნაიგაზის“ მმართველობის თავმჯდომარეს, ასხატ ხასენოვს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენერგეტიკულ სექტორში აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.
მხარეებმა ის ღონისძიებები განიხილეს, რომლებიც SOCAR-სა და KMG-ს შორის 2024 წელს ხელმოწერილი მემორანდუმითაა გათვალისწინებული. კერძოდ, საუბარი შეეხო აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის პერსპექტივებსა და ენერგეტიკული სექტორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
ყაზახეთი მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ექსპორტს აზერბაიჯანის გავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ „ყაზმუნაიგაზსა“ და SOCAR-ს შორის ხელი ყაზახური ნავთობის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება 2022 წელს გაფორმდა. 2023 წლის მარტში აზერბაიჯანის გავლით კაშაგანის საბადოდან 7 ათასი ტონა ნავთობი სატესტო რეჟიმში გადაიზიდა.
2024 წლის მარტში KMG და SOCAR ნავთობის ტრანზიტის ეტაპობრივი გაზრდაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტის თანახმად, მიწოდების მოცულობის გაზრდა წელიწადში 2,2 მლნ ტონამდე იგეგმება.
2025 წელს BTC მილსადენით ყაზახური ნავთობის ექსპორტმა 1,2 მლნ ტონა შეადგინა.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში BTC-ით ტრანსპორტირებულია 1,16 მლნ ტონა ყაზახური ნავთობი, რაც 2025 წლის 9 თვის მაჩვენებელთან შედარებით 24%-ით მეტია.
„ყაზმუნაიგაზი“ 2026 წელს BTC მილსადენით 1,7 მლნ ტონა ნავთობის ექსპორტს გეგმავს.
BM.GE
წყარო: bm.ge