
სოფელ ქვენატკოცასა და აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს - სამინისტრო
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
უწყების თანახმად, ქვენატკოცასა და აბანოში ახალი საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების საჭიროებებზე.
პროექტების ფარგლებში მოეწყობა სასწავლო, საძინებელი და სამზარეულო ოთახები, კეთილმოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, მათ შორის, ბაღების ეზოებში ბავშვებისთვის მრავალფეროვანი სათამაშო მოედნები.
ახალი საბავშვო ბაღები, ორივე სოფელში, ჯამში 150 აღსაზრდელს მოემსახურება.
BM.GE
წყარო: bm.ge