
სოფლებში, სადაც სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, დროებითი "ასაწყობი სკოლები" მოეწყობა - სოხაძე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, იმ სოფლებში, სადაც სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება, სამუშაოების მიმდინარეობისას მოსწავლეებისთვის დროებითი მოდულური ე.წ ასაწყობი სკოლები მოეწყობა.
როგორც მინისტრმა "იმედის" ეთერში განაცხადა, პროექტის მიზანია სკოლის რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის შექმნილი დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს. მოდულური სკოლები იმავე ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ განთავსდება, რათა ბავშვებს სასწავლებლად სხვა სოფელში გადაადგილება არ დასჭირდეთ.
სოხაძის თქმით, სამინისტროს უკვე აქვს კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან და განსაზღვრულია ადგილები, სადაც პირველი ეტაპი დაიწყება. თავდაპირველად დაახლოებით 10 ასეთი სკოლის მოწყობა იგეგმება, რის შემდეგაც პროექტი გაგრძელდება.
„არ შეიძლება, იმიტომ, რომ ვიღაცა პოლიტიკურად არ მოგწონს, ყველაფერზე უარყოფითი პოზიცია დააფიქსირო. საბოლოო ჯამში, სასაცილო ხდება ხოლმე. უნდა წაიკითხო, რაზეა საუბარი“, - აღნიშნა მინისტრმა კრიტიკოსების მისამართით.
ამასთან, რევაზ სოხაძემ ისაუბრა ტიპური სკოლების პროექტებზეც. მისი განმარტებით, ამჟამად მუშავდება დაახლოებით 10 ტიპური პროექტი, რაც ახალი სკოლების მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო ვადებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
„ჩვენ დავიწყეთ ტიპიური სკოლების პროექტების შექმნა. დაახლოებით 10 ტიპური პროექტი მუშავდება სკოლებთან მიმართებით, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ, დავუშვათ, ხვალ და ზეგ თუ აღმოჩნდება, რომ სადღაც 500-ბავშვიანი სკოლაა ასაშენებელი, მის დასაპროექტებლად ერთი წელი კი არ დაგვჭირდება, არამედ ორ-სამ თვეში კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ამ პროექტის მორგებას შევძლებთ და დაუყოვნებლივ დაიწყება მშენებლობა“, - განაცხადა სოხაძემ.
შეგახსენებთ, მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში მოდულური სკოლების დამონტაჟების გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ ეწერა 20 აგვისტოს განკარგულებაში, რომლის საფუძველზეც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა 22.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც სკოლის მოდულების შესყიდვა მოხდება. აღნიშნული ქარხნული მოდულური სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განთავსდეს.
BM.GE
წყარო: bm.ge