
SoftBank-ი იაპონიის უმსხვილესი კომპანია გახდა - მან Toyota-ს გადაუსწრო
იაპონური უმსხვილესი კონგლომერატის, SoftBank-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ კორპორაცია Toyota-ს მაჩვენებელს გადაუსწრო და ავტოგიგანტის 20-წლიანი დომინაცია დაასრულა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, იაპონურ საფონდო ბირჟაზე ვითარების ასეთი ცვლა ტრადიციული მძიმე მრეწველობის დარგების პოზიციების შესუსტებამ და ხელოვნური ინტელექტის სექტორზე ორიენტირებული კომპანიების გაძლიერებამ განაპირობა.
როგორც ცნობილია, უმსხვილესი კონგლომერატი არამარტო საფინანსო სექტორშია წარმოდგენილი, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კუთხითაც წამყვანი ინვესტორია. სწორედ AI-ს გლობალურ ბუმთან არის დაკავშირებული კომპანიის აქციების რეკორდული ზრდაც.
კონკრეტიკისთვის, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ 520 მილიარდი იენის წმინდა მოგება მიიღო, ბოლო სამ თვეში ამ მაჩვენებელმა ¥1.82 ტრილიონი ($11.4 მლრდ.) შეადგინა. როგორც ირკვევა, კორპორაციის წარმატების მთავარი საფუძველი ChatGPT-ის დეველოპერ სტარტაპ OpenAI-ში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციები გახდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც სემ ოლტმენის კომპანიაზე ფსონი დადო და მრავალმილიარდიანი ინვესტიციები განახორციელა. სულ ბოლოს, აპრილში მასში ტექნოლოგიურმა დამატებით $10 მილიარდი დააბანდა, წლის ბოლომდე კი დამატებით $20 მილიარდის გამოყოფას გეგმავს. როგორც ცნობილი ხდება, SoftBank-ის პოზიციების მოძლიერებაში თავისი წვლილი ბრიტანული ჩიპების დიზაინერი და მწარმოებელი კომპანიის, Arm Holdings-ის აქციების გაორმაგებამაც შეიტანა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ იაპონური კონგლომერატი პირველობას, სულ მცირე, წლის ბოლომდე შეინარჩუნებს, რადგან მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პარტნიორი, OpenAI-ის წელს საფონდო ბირჟაზე გავა. პროცესის ფარგლებში სტარტაპმა შესაძლოა $60 მილიარდი მოიზიდოს, საბაზრო ღირებულებამ კი $1 ტრილიონს გადააჭარბოს. ეს SoftBank-ისთვის, როგორც ერთ-ერთი პირველი და მსხვილი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებლის მომტანი იქნება.
შეგახსენებთ, იაპონიის ბაზარზე ტრადიციული ინდუსტრიები ლიდერ პოზიციებს ათწლეულების განმავლობაში იკავებდნენ. ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ადგილს Toyota იკავებდა. ლიდერთა შორის იყო Hitachi-ც.
BM.GE
წყარო: bm.ge