
SoftBank-ი საფრანგეთში €75 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს
იაპონურმა უმსხვილესმა კონგლომერატმა, SoftBank-მა ევროპაში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის €75 მილიარდის ($87 მლრდ.) ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო. ეს დაბანდება მიზნად საფრანგეთში 5 გიგავატი სიმძლავრის მონაცემთა ცენტრების აშენებას ისახავს. აღსანიშნი ფაქტია, რომ ამ მასშტაბური ინიციატივის საწყის ეტაპზე კომპანია მხოლოდ €45 მილიარდს ($53 მლრდ.) დახარჯავს.
როგორც ირკვევა, პირველი ეტაპის ფარგლებში SoftBank-ი 2031 წლამდე ო-დე-ფრანსის რეგიონში 3.1 გიგავატი სიმძლავრის ობიექტებს განათავსებს. ის ფრანგულ საინჟინრო კომპანია Schneider Electric-თან თანამშრომლობით, დიუნკირკში ახალ ინდუსტრიულ კლასტერს შექმნის.
კორპორაციის მენეჯმენტის განმარტებით, ეს ნაბიჯი ევროპის კონტინენტზე უახლესი ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს.
"ხელოვნური ინტელექტი ახალ ერაში შედის, ინფრასტრუქტურის მშენებელი ქვეყნები კი ტექნოლოგიების, ინდუსტრიისა და საზოგადოების მომავალს შექმნიან," - განაცხადა SoftBank-ის გენერალურმა დირექტორმა მასაიოში სონმა. მისივე შეფასებით, ინდუსტრიული შესაძლებლობების, ნიჭიერი კადრებისა და ეროვნული ამბიციების გათვალისწინებით, საფრანგეთს ევროპაში მოწინავე პოზიციის დაკავება შეუძლია.
საყურადღებო ფაქტი, რაზეც ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, ევროპაში ელექტეოენერგიის მოხმარების გაზრდილი ხარჯებია, რაც, მათი შეფასებით, მონაცემთა ცენტრების პროექტის განხორციელებისთვის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ SoftBank-ს გეგმების შეცვლა და ინვესტიციის ისეთ რეგიონში ჩადება მოუწიოს, სადაც ელექტროენერგიის ხარჯები აშშ-ირანის ომის მიუხედავადაც შედარებით მცირეა.