
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა - დასავლური მედია წერს, რომ კენჭისყრის შედეგებმა შესაძლოა განსაზღვროს, გააგრძელებს თუ არა ერევანი დასავლეთთან დაახლოებას, თუ დაუბრუნდება თავის ტრადიციულ მოკავშირეს, რუსეთს.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.
12:00 საათიდან სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ყოველ სამ საათში ერთხელ აქტივობის მონაცემებს გამოაქვეყნებს.
სამმილიონიანი სამხრეთკავკასიური ქვეყანა მოსკოვის მხრიდან მზარდი ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება, პარალელურად კი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელახლა არჩევას ევროინტეგრაციის პირობით ცდილობს.
დასავლეთთან დაახლოება მეტწილად ნიკოლ ფაშინიანის სახელს უკავშირდება. 2018 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად და დააჩქარა სამშვიდობო პროცესი მეზობელ აზერბაიჯანთან აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გზით. ამ უკანასკნელმა მას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერაც მოუტანა. მიმდინარე წლის დასაწყისში ფაშინიანმა ერევანში ევროკავშირის ლიდერების და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით მასშტაბურ სამიტსაც უმასპინძლა.
ფაშინიანის ოპონენტები დღეს რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასა და ალიანსში არიან გაერთიანებულნი:
• ალიანსი „სომხეთი“: რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ლიდერობს. • „რესპუბლიკური პარტია“: ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პარტია არჩევნებში კანდიდატებს არ აყენებს, თუმცა მხარდაჭერებს მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.
ორივე ყოფილი ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ღრმა სამხედრო და ეკონომიკური კავშირების აღდგენა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების ერთადერთი გზაა.
ფაშინიანის მთავარი კონკურენტი კი მილიარდერი სამველ კარაპეტიანია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. იგი ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება და ბრალად ედება ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. საარჩევნო კამპანიას თავისი ძმისშვილის მეშვეობით აწარმოებს.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ბოლო გამოკითხვით, ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტი“ 32%-ით ლიდერობს, თუმცა ამომრჩეველთა დაახლოებით 40% აცხადებს, რომ არცერთ პოლიტიკურ ფიგურას არ ენდობა. ოპოზიციური კანდიდატების გაერთიანების შემთხვევაში, მათ ფაშინიანის დამარცხების შანსი ექნებოდათ, თუმცა ამ ეტაპზე სომხური ოპოზიციის ერთიანობის გეგმა არ არსებობს.
BM.GE
წყარო: bm.ge