
სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა
სომხეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ ერევნის „არარატის“ კონიაკის, ღვინისა და არაყის ქარხნის, რომელიც „ნოის“ ბრენდის პროდუქციას აწარმოებს და ბიზნესმენ, ასევე ოპოზიციონერ პოლიტიკოს გაგიკ წარუკიანს ეკუთვნის, სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გახმაურებული სისხლის სამართლის გამოძიება, ჩხრეკები და ქარხნის დირექტორის, არმან დავთიანის დაკავება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისტორიული კონიაკის ქარხანა სახელმწიფო მართვასა და კონტროლს დაექვემდებარა. ეს გადაწყვეტილება ცარუკიანის ჰოლდინგ Multi Group-ში შემავალი სხვა აქტივების მიმართ უკვე გატარებული ზომების მსგავსია.
საქმის მასალების მიხედვით, 2023 წლის 9 ოქტომბერს სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ანტიკორუფციულ სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც გაგიკ ცარუკიანისა და მასთან დაკავშირებული პირების უკანონო წარმოშობის ქონების კონფისკაციას ითხოვდა.
2026 წლის 6 ივლისს ბიზნესმენი და პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარე გაგიკ ცარუკიანი დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა მრავალსაათიანი ჩხრეკები როგორც მის საცხოვრებელ სახლში, ისე მასთან დაკავშირებულ 70-ზე მეტ მისამართზე.
7 ივლისს ერევნის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლომ ცარუკიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ედება ბრალი.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გაგიკ ცარუკიანმა რამდენიმე ირანელ ბიზნესმენთან ერთად დააფუძნა კომპანიები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა მეშვეობითაც ირანიდან სომხეთში 52 ავტომობილი, ტექნიკა, საწვავი და სხვადასხვა სახის საქონელი შემოიტანეს.
BM.GE
წყარო: bm.ge