მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სოციალური საწარმო "ედენა" B2B მიმართულებას აფართოებს - ონის სახელოსნოში წარმადობის გაზრდას გეგმავენ
სოციალური საწარმო "ედენა" B2B მიმართულებას აფართოებს - ონის სახელოსნოში წარმადობის გაზრდას გეგმავენ

სოციალური საწარმო "ედენა" B2B მიმართულებას აფართოებს - ონის სახელოსნოში წარმადობის გაზრდას გეგმავენ

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 02:00|bm.ge

ონის სოციალური საწარმო „ედენა“, რომელიც ტრადიციული რეწვის, კერძოდ, თექის დამუშავების ტექნოლოგიაზე მუშაობს, ადგილობრივ ბიზნესებთან თანამშრომლობას აფართოებს. 2026 წელს საწარმომ სასტუმროებისა და სხვა ბიზნესებისთვის ინტერიერის დეკორაციებისა და სპეციალური სტენდების დამზადება დაიწყო. ახალი მიმართულების განვითარებასთან ერთად, საწარმო შეკვეთების მოცულობის ზრდასა და წარმოების გაფართოებას გეგმავს.

როგორც „ედენას“ დამფუძნებელმა ლილიანა მაისურაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, 2026 წელი საწარმოსთვის სტაბილური იყო. აქტიურმა ტურისტულმა სეზონმა და სხვადასხვა რეგიონში გამართულ გამოფენებსა და ფესტივალებში მონაწილეობამ საწარმოს ცნობადობის გაზრდასა და ახალი შესაძლებლობების მოძიებაში ხელი შეუწყო.

„ძალიან კარგი 2026 წელი გვქონდა, შევაფასებდი როგორც სტაბილურს. აქტიური ზაფხული გვქონდა ტურისტული თვალსაზრისით და წელი სხვადასხვა სიახლითაც იყო დატვირთული. ეს ყველაფერი ჩვენს აქტიურობაზე იყო დამოკიდებული. არ ვკმაყოფილდებით მხოლოდ რეგიონში დარჩენით, ვცდილობთ, ონისა და მეზობელი რეგიონების ფარგლებს გავცდეთ, მივიღოთ შემოთავაზებები სხვადასხვა ადგილიდან და მონაწილეობა მივიღოთ ფესტივალებსა თუ გამოფენებში. ეს ზრდის ჩვენს ცნობადობას და ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის“, - ამბობს ლილიანა მაისურაძე.

საწარმოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ადგილობრივ ბიზნესებთან თანამშრომლობის დაწყება იყო. მაისურაძის განმარტებით, სასტუმროებისა და სხვა კომპანიების მხრიდან მოთხოვნა გაჩნდა როგორც სივრცეების დეკორატიულად გაფორმებაზე, ისე სტენდების დამზადებაზე. ამან სახელოსნოს დატვირთვა გაზარდა და პროდუქციის რეალიზაციის დამატებითი არხი შექმნა.

„2026 წელს ადგილობრივმა ბიზნესებმა მოგვმართეს როგორც საკუთარი ინტერიერის გასალამაზებლად, ისე თანამშრომლობის ფარგლებში სტენდების მოსაწყობად. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიახლე აღმოჩნდა და საწარმო უფრო დატვირთვით ამუშავდა. გამოფენებისთვის ვემზადებით, პროდუქციას ონლაინ ვყიდით და სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში გვყავს მაღაზიები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ. ახლა კი ადგილობრივ ბიზნესებთანაც გაგვიჩნდა თანამშრომლობის კარგი შესაძლებლობა - იქნება ეს ინტერიერის გაფორმება, ჩვენი ნამუშევრების სტენდები თუ სხვა შეთავაზებები“, - აღნიშნავს საწარმოს დამფუძნებელი.

მისივე თქმით, თანამშრომლობა მხოლოდ რაჭით არ შემოიფარგლება. „ედენა“ მზად არის, სასტუმროებს, მარნებს, კვების ობიექტებსა და სხვა ბიზნესებს ქვეყნის მასშტაბით შესთავაზოს მათი სივრცის კონცეფციასა და სტილზე მორგებული დეკორატიული ნამუშევრები. ახალი შეკვეთების ფონზე საწარმოს წარმოების შესაძლებლობების გაზრდაც დასჭირდა, თუმცა გაფართოებას ამ ეტაპზე სივრცის შეზღუდვა აფერხებს.

მაისურაძის ინფორმაციით, სახელოსნოში სამუშაო საათები გაზარდეს, ქალების ნაწილი კი სამუშაოს სახლშიც აგრძელებს. გუნდს ერთი ახალი წევრიც შეუერთდა, სამომავლოდ კი საწარმო სოფლად მცხოვრები ქალების დისტანციურად დასაქმების შესაძლებლობას განიხილავს.

„წარმადობის გაზრდა დაგვჭირდა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ სამუშაო დროის გაზრდა მოვახერხეთ, ქალების ნაწილი კი სახლშიც აგრძელებს მუშაობას. სივრცით შეზღუდულები ვართ და ეს არ გვაძლევს საშუალებას, მეტი ქალი შემოვიერთოთ. გვყავს ერთი ახალი წევრი და ნელ-ნელა ვცდილობთ გუნდის გაფართოებას. ვფიქრობთ, სამუშაოს ნაწილი სოფლად მცხოვრებ ქალებსაც გადავუნაწილოთ და დისტანციურად ჩავრთოთ პროცესში. ეს მათ დასაქმების შესაძლებლობას მისცემს და ჩვენც წარმოების გაზრდაში დაგვეხმარება“, - განმარტავს მაისურაძე.

„ედენას“ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტრადიციული რეწვის შენარჩუნება და თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციაა. დამფუძნებლის თქმით, საწარმო ცდილობს, თექის ტრადიციული ტექნოლოგია თანამედროვე ინტერიერის დიზაინს, ფერთა ტენდენციებსა და მომხმარებლის გემოვნებას მოარგოს. ამასთან, ინარჩუნებს იმ პროდუქტებსაც, რომლებიც სახელოსნოს იდენტობას განსაზღვრავს.

„თექის პირველადი სახით მიწოდება დღევანდელი ბაზრისთვის საინტერესო არ იქნებოდა. ამიტომ ავიღეთ ტრადიციული ცოდნა, რომელსაც ჩვენი სახელოსნო ეფუძნება, და შევეცადეთ, მისთვის თანამედროვე სახე მიგვეცა. მოვერგეთ ინტერიერის დიზაინს, ფერებს, სტილსა და ბაზრის მოთხოვნებს. მუდმივად ვატარებთ ექსპერიმენტებს და ასორტიმენტს სიახლეებს ვამატებთ, თუმცა გვაქვს ხაზიც, რომელსაც უცვლელად ვინარჩუნებთ. მაგალითად, ჩვენი ტრადიციული რაჭული "ქუდუნები", რომლებიც საწარმოს სავიზიტო ბარათია და დღესაც ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტია“, - ამბობს მაისურაძე.

საწარმო ტურისტებსაც მასპინძლობს. ბოლო ორი წელია, „ედენა“ აქტიურად იღებს სტუმრებს თექის დამუშავების სემინარებზე, სადაც მონაწილეებს ტრადიციული ხელსაქმის გაცნობა და საკუთარი ხელით სუვენირის დამზადება შეუძლიათ. წინასწარი შეთანხმებით, სახელოსნოში ერთდროულად დაახლოებით 20 ადამიანის მიღებაა შესაძლებელი.

„რეგიონში ჩამოსული სტუმრები მუდმივად ეძებენ განსხვავებულ და ავთენტურ გამოცდილებას. ამიტომ ჩვენი სახელოსნო ღიაა მათთვის, ვინც დაინტერესებულია თექის დამუშავებით. წინასწარი ჩაწერის საფუძველზე ვიღებთ მსურველებს, ვანაწილებთ აქტივობებს მათთვის მოსახერხებელ გრაფიკში და სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ხელით შექმნილი სუვენირი წაიღონ. ეს მათთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა, ჩვენთვის კი, ცნობადობის გაზრდისა და მეტი ვიზიტორის მოზიდვის შესაძლებლობა“, - აღნიშნავს ის.

სამომავლოდ საწარმო ადგილობრივ ბიზნესებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და კორპორაციული შეკვეთების მიმართულების განვითარებას გეგმავს. მაისურაძის თქმით, ამ ტიპის შეკვეთები სახელოსნოს საშუალებას აძლევს, ერთბაშად მიიღოს გარკვეული მოცულობის შეკვეთა, სამუშაო უფრო ეფექტიანად დაგეგმოს და შემოსავლის სტაბილურობას შეუწყოს ხელი.

„ადგილობრივ ბიზნესებთან თანამშრომლობამ კარგად იმუშავა, ამიტომ ვფიქრობთ, შევქმნათ სხვადასხვა პორტფელი და შეთავაზების პაკეტი, რათა ეს მიმართულება გავაფართოოთ. კორპორაციული შეკვეთებიც მნიშვნელოვანია - სხვადასხვა ქალაქში მაღაზიებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას, ერთბაშად მივიღოთ გარკვეული რაოდენობის შეკვეთები და მთელი სახელოსნო მათ შესრულებაზე გადავიყვანოთ. სამომავლოდ სწორედ კორპორაციული მიმართულებისა და ადგილობრივ ბიზნესებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ვაპირებთ“, - ამბობს ლილიანა მაისურაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მესამე კვარტალში BlackRock-ის მოგება $1.66 მილიარდამდე გაიზარდა

მესამე კვარტალში BlackRock-ის მოგება $1.66 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE

ექიმებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის პირობები იცვლება

ექიმებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის პირობები იცვლება

BM.GE

Morgan Stanley-ის $20.34-მილიარდიანმა კვარტალურმა შემოსავალმა უოლ-სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა

Morgan Stanley-ის $20.34-მილიარდიანმა კვარტალურმა შემოსავალმა უოლ-სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა

BM.GE

"დრამატული კლება არ გამოუწვევია" - როგორ აისახა ავტომობილების განბაჟების გაძვირება?

"დრამატული კლება არ გამოუწვევია" - როგორ აისახა ავტომობილების განბაჟების გაძვირება?

BM.GE