
SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის მუშაობა შეზღუდა
უკრაინაში SpaceX-ის თანამგზავრული კავშირის სისტემის, Starlink-ის სამხედრო გამოყენებაზე შეზღუდვები დაწესდა - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალებმა 14 ოქტომბერს განაცხადეს. მათი თქმით, ღამით განხორციელებულმა ცვლილებამ დრონების რამდენიმე მისია ჩაშალა.
როგორც ირკვევა, შეზღუდვები შეეხო StarShield-ს - თანამგზავრული კავშირის სამხედრო ვერსიას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კავშირი ავტომატურად წყდება, როდესაც ტერმინალები დაახლოებით 160 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილდებიან.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა სამხედრო ტექნოლოგიების საკითხებში, სერჰი ბესკრესტნოვმა განაცხადა, რომ SpaceX-მა სიჩქარის ეს ლიმიტი ღამით, უკრაინული ძალების წინასწარი გაფრთხილების გარეშე აამოქმედა.
"ჩვენს თავდაცვის ძალებს ამ შეზღუდვის შესახებ გაფრთხილება არ მიუღიათ, რამაც რამდენიმე მისიის ჩაშლა გამოიწვია", - დაწერა ბესკრესტნოვმა Telegram-ზე.
შეფერხების შესახებ ინფორმაცია უკრაინელმა მოხალისემ სერჰი სტერნენკომაც გაავრცელა და გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა SpaceX-მა ეს შეზღუდვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით დააწესა.
თუმცა, დამოუკიდებელი მტკიცებულება იმისა, რომ თეთრმა სახლმა მსგავსი ბრძანება გასცა, არ არსებობს და შეზღუდვების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.
მოვლენების ამგვარმა განვითარებამ გააჩინა წუხილი, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვან ამერიკულ თანამგზავრულ კავშირზე წვდომა შესაძლოა კიევზე ზეწოლის კიდევ ერთ ბერკეტად იქცეს - იმ ცნობების პარალელურად, რომელთა თანახმადაც აშშ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეჩერებით იმუქრებოდა, თუკი უკრაინა რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს არ შეწყვეტდა.
მედიის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ კიევი სადაზვერვო თანამშრომლობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ გააფრთხილა, თუმცა ვაშინგტონმა თანამშრომლობის შეჩერება უარყო, უკრაინელი ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ კოორდინაცია გრძელდება.
ყურადღება მიიქცია მომენტის შერჩევამაც, რასაც წინ უძღოდა SpaceX-ისა და Starlink-ის მფლობელის, მილიარდერ ილონ მასკის მხრიდან ზელენსკის საჯარო კრიტიკა. შაბათს მასკმა თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ტრამპი რუსულ ნავთობობიექტებზე უკრაინის დარტყმებს აკრიტიკებს, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: "ზელენსკი ზედმეტად შორს წავიდა".
ეს განცხადება ვაშინგტონსა და კიევს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე გაკეთდა, რაც მოჰყვა ტრამპის შეთანხმებას მოსკოვთან რუსული დიზელის ექსპორტის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ და მის მოთხოვნას, რომ უკრაინამ რუსულ ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშები შეაჩეროს. თუმცა, Starlink-ის შეზღუდვებსა და დიპლომატიურ დავას შორის ოფიციალური კავშირი დადასტურებული არ არის.
BM.GE
წყარო: bm.ge