
სპარსეთის ყურის კრიზისის გამო Nutrimax-ის პროდუქტი 10%-ით გაძვირდა - როგორია მოთხოვნა ცხოველის საკვებზე?
სპარსეთის ყურეში შექმნილი კრიზისის გამო ცხოველების საკვების ადგილობრივ მწარმოებელ Nutrimax-ს, პროდუქტის გაძვირება მოუწია. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჩიტაიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
მან განმარტა, რომ პროდუქტის თვითღირებულებაზე გავლენა გადაზიდვებისა და ნედლეულის გაძვირებამ იქონია.
„სპარსეთის ყურეში არსებულმა ესკალაციამ პირდაპირი გავლენა მოახდინა კომპანიის ლოგისტიკურ ჯაჭვსა და საწარმოო ხარჯებზე. კრიზისის გამო საგრძნობლად გაიზარდა როგორც იმპორტირებული ნედლეულის თვითღირებულება, ისე სატრანსპორტო გადაზიდვების ტარიფები. ეს გლობალური ვითარება ავტომატურად აისახა ადგილობრივი წარმოების ხარჯებზეც და პროდუქტების თვითღირებულება დაახლოებით 12%-ით გაზარდა. აღნიშნული წნეხის ფონზე, ვეცადეთ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა, თუმცა ხარჯების ზრდის დინამიკამ საბოლოო პროდუქტის სარეალიზაციო ფასზეც იქონია გავლენა და ის დაახლოებით 10%-ის ფარგლებში გაზარდა“, - განმარტა გიორგი ჩიტაიშვილმა.
Nutrimax-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში ძაღლის და კატის საკვების იმპორტის ზრდის მიუხედავად, მათი პროდუქტის გაყიდვები იზრდება.
„ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოება გლობალურ ბრენდებს წარმატებულად უწევს კონკურენციას. საქართველოში შინაური ცხოველების რაოდენობის მზარდი დინამიკის ფონზე, ბაზრის 30%-იანი წილით „ნუტრიმაქსი“ სექტორის ერთ-ერთი ლიდერია. ჩვენ ვინარჩუნებთ ზრდის მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველ ოთხ თვეში, იმპორტის 15%-იანი მატების პარალელურად, შიდა გაყიდვების 27%-იანი ზრდა დავაფიქსირეთ“, - განაცხადა ჩიტაიშვილმა.